მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში მოროდიორობის საშიშროების გამო, ქალაქებში თურქი სამხედროები პატრულირებენ.
თურქეთის ქალაქ ანტაქიის მცხოვრებლებმა და სხვა ქალაქებიდან ჩასულმა მოხალისეებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. ვრცელდება ცნობები დანგრეულ ბიზნესებში და სახლებში მოროდიორობის შესახებ.
ზოგიერთი უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქე, რომელიც ღამეს მანქანაში ან კარავში ათევს ამბობს, რომ მათი ქონება, მათ შორის, ძვირფასეულობა და ოქროული მოიპარეს.
ასევე ნახეთ: ერდოღანი აღიარებს მიწისძვრაზე რეაგირებაში არსებულ პრობლემებსელექტრონიკის მაღაზიის მეპატრონე იუქსელ უზუნმა თქვა: „ჩვენი მაღაზია გაჩანაგებულია, გაიძვერებმა და ქურდებმა გაძარცვეს. რაც შეძლეს, ყველაფერი წაიღეს".
მან დაამატა, რომ ნახა გაძარცვული სუპერმარკეტები, აფთიაქები და სხვადასხვა ბიზნესები.
იუქსელ უზუნმა თქვა რომ ქალაქში ახლა უსაფრთხოების ძალების საკმარისი რაოდენობაა, მაგრამ მიწისძვრიდან პირველ დღეებში ასე არ იყო.
ანტაქიაში სამხედროების და პოლიციელების ყოფნა ბოლო დღეებში გაიზარდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ინციდენტების მზარდმა რიცხვმა იმიგრანტების წინააღმდეგ სენტიმენტები გააღვივა. სააგენტო „როიტერთან“ საუბარში რამდენიმე ადამიანმა მოროდიორობაში ბრალი სირიელ, ავღანელ და სხვა იმიგრანტებს დასდო.
ამ დროისთვის, თურქეთის სამხრეთში და სირიის ჩრდილოეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა. ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან ათასობით შენობის ნანგრევები ჯერ კიდევ შესამოწმებელი და გასაწმენდია.