თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურების და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაავრცელა.
„ამერიკა სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, რათა გაზარდოს მისი ბირთვული ენერგეტიკული სიმძლავრე და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, - განუცხადა იუსუფ ჯეილანმა სააგენტო "როიტერს" ატომური ელექტროსადგურების შესახებ.
განსახილველ პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე მან თქვა: „შეიძლება განვიხილოთ არსებული ჰესების ტერიტორიები, ან ახალი ტერიტორიები ჰესებისთვის".
"ჩვენ ამერიკასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ფართომასშტაბიანი ელექტროსადგურების, ასევე მცირე მოდულური რეაქტორების შესახებ", - თქვა მან.
ინფრომაციას ამის შესახებ გასულ თვეში ჯეფ ფლეიკი, თურქეთში ამერიკის ელჩიც ადასტურებდა. ელჩი ამბობდა, რომ თურქეთი ამერიკასთან და სხვა აქტორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
"მათთან ერთად ვმუშაობთ, რათა მათი დამოკიდებულება [რუსეთზე] შევამციროთ ნებისმიერი შესაძლო გზით",- განაცხადა ელჩმა.
ჯეილანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება სამხრეთ კორეასთან და რუსეთთან მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში, სინოპშია დაგეგმილი.
რუსული "როსატომის" მიერ თურქეთის პირველი 4 800 მეგავატიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აკუიუში კი გრძელდება.