23 იანვარს, თურქეთის პარლამენტი სავარაუდოდ დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 20-თვიანი დაგვიანების შემდეგ, ნატოს გაფართოების ეს ერთ-ერთი ბოლო დაბრკოლება წესით, რამდენიმე დღეში უნდა გადაილახოს.
თურქეთის გენერალური ასამბლეა, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველი ალიანსი ფლობს, აღნიშნულს კენჭს დღეს უყრის.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი პირველად 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთთან ერთად გამოთქვა. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ალიანსის 74-ე იუბილეზე, გასული წლის აპრილში გახდა.
Your browser doesn’t support HTML5
მას შემდეგ, რაც თურქეთის პარლამენტი დაადასტურებს შვედეთის ამ ნაბიჯს, ერდოღანი მას სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მოაწერს ხელს. ამის შემდეგ, უნგრეთი რჩება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ, რომელსაც ჯერ არ დაუმტკიცებია შვედეთის ბლოკში გაწევრიანება.
უნგრეთმა თქვა, რომ არ იქნებოდა ბოლო მოკავშირე, რომელიც ამ გადაწყვეტილების რატიფიკაციას მოახდენდა. თუმცა, პარლამენტი ბუდაპეშტში თებერვლის შუა რიცხვებამდე ისვენებს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა, რომ მან მიიწვია თავისი შვედი კოლეგა, მისი ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გასამართად.
თურქეთი და უნგრეთი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თურქეთი ასევე აკრიტიკებს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის მიმართ.