ერდოღანისა და გულენის დუელი საქართველოში

პრემიერი კვირიკაშვილი დღეს თურქთა მამის - ათა თურქის მავზოლეუმში, ანკარაში

თურქეთი აძლიერებს საგარეო-პოლიტიკურ ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგის, ოფიციალური ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად შერაცხული - ფეთულა გულენის პოზიციები ძლიერია. მათ რიცხვში, აღმოჩნდა, საქართველოც. აქ, გულენის მოძრაობა „ჰიზმეთი“ ანუ „მსახურება“, რამდენიმე კერძო სკოლასა და უნივერსიტეტს ფლობს.

ამბოხის მარცხის შემდეგ, გულენისტებს მათრახით უსწორდებიან

15-16 ივლისის სისხლიანი ღამის შემდეგ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში - იასინ თემიზქანმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დახუროს გულენის საგანმანათლებლო ქსელი, სადაც მისივე თქმით, „ტერორისტებს ზრდიან“.

ამგვარი ხისტი, არადიპლომატიური განცხადების გასწორება, მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულმა, თურქეთის ელჩმა - ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ სცადა. მან ყველაფერი თარჯიმანს დააბრალა, თუმცა, ელჩმაც გამოხატა შეშფოთება, გულენის მოძრაობის მიერ სკოლების მართვის გამო.

ასეთ სკანდალურ ფონზე განხორციელდა დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ანკარაში, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი ემზარ მაკარაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და შეეცადოს, გულენის ქსელს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

"სკოლები დახურო, გარეკო, გააუქმო, ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ თუ დახურვას ითხოვ, ამის მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს მოთხოვნა ფაქტობრივ, დოკუმენტურ მასალაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, „ტერორიზმის“ ერთი ფაქტი ხომ მაინც უნდა დაფიქსირდეს?“
ემზარ მაკარაძე, თურქოლოგი, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი

„ამგვარი პოლიტიკით უნდა დღეს, პრეზიდენტ ერდოღანს თავისი პოზიციების განმტკიცება, იმ შელახული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც ქვეყანაში აქვს. ამიტომ გამორიცხული არაფერია, ზეწოლა იქნება.

სკოლები დახურო, გარეკო, გააუქმო, ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ თუ დახურვას ითხოვ, ამის მიზეზი უნდა გქონდეს, ეს მოთხოვნა ფაქტობრივ, დოკუმენტურ მასალაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, ე.წ „ტერორიზმის“ ერთი ფაქტი ხომ მაინც უნდა დაფიქსირდეს?“

ფეთულა გულენის მოძრაობა „ჰიზმეთი“ საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე გამოჩნდა და 1994 წლიდან, „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ ქოლგის ქვეშ, ეტაპობრივად, რამდენიმე, კერძო სკოლა და უნივერსიტეტი გახსნა. გულენის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში 32 ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც მუშაობს - http://fgulen.com/ge/, მის სკოლებსა და უნივერსიტეტში კი 95 პროცენტი, საქართველოს მოქალაქე ასწავლის და სწავლობს.

ინგლისური ენის კვირეული ბათუმის შაჰინის სკოლაში

დღეისათვის, გულენის სწავლების მიმდევარი თურქი ბიზნესმენები საქართველოში მართავენ: თურქეთის ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, სკოლა-ლიცეუმ „სხივს“ და ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას თბილისში; შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს რუსთავში; დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლას მარნეულში; ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ქუთაისში და თურქეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ ბათუმში.

შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტები

Webometrics-ის რეიტინგით, საქართველოში რიგით მეოთხე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი, რომელსაც რექტორი ილიას ჩილოღლუ ხელმძღვანელობს, ასევე „ჰიზმეთის“ ქსელთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ამ უნივერსიტეტის ფონდ „აღორძინების“ დამფუძნებელი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა.

ყველა ზემოთჩამოთვლილ სასწავლებელს აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური აკრედიტაცია და სწავლებაც, სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეებს გაძლიერებულად ასწავლიან დასავლურ ევროპულ ენებს, ხოლო თურქული ენის შესწავლა არჩევითია.

"სხივის" მეორეკლასელის აიშე ორუჯოვას ნახატი

ემზარ მაკარაძე წლების მანძილზე, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლაში საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, ეს სკოლა დაამთავრა მისმა შვილმაც. პროფესორი ამბობს, რომ დაუშვებელია თურქეთის შიდა პოლიტიკურ გარჩევებს საქართველოში ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელი შეეწიროს.

"როცა თურქეთის საელჩო და საკონსულო გულენის ქსელს ახსენებს, მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ინტერესდებიან ისინი საქართველოში არსებული მედრესეებით და რელიგიური სკოლებით?"

„ფეთულა გულენის სწავლება, მოძღვრება არ არის დაკავშირებული რაიმე ფუნდამენტალისტურ იდეებთან, მისი იდეოლოგია არის უფრო პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე რბილ, ევრო ისლამზე ანუ ისლამის გათანამედროვეობაზე აგებული. ეს საგანმანათლებლო ქსელი მსოფლიოს 160 ქვეყანაში - 1600-მდე სკოლას მოიცავს, მთავარი დედააზრი ამ მოძრაობისა არის მშვიდობა, ახალი თურქეთი, ახალი ისლამი, განათლება, მეცნიერება, პაციფიზმი და კონფესიებს შორის მუდმივი დიალოგი...

როცა თურქეთის საელჩო და საკონსულო გულენის ქსელს ახსენებს, მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ინტერესდებიან ისინი საქართველოში მოდებული მედრესეებით და რელიგიური სკოლებით? რომლებსაც აკრედიტაციაც კი არ აქვთ? ვფიქრობ, პრობლემას იმ ჭრილიდან უნდა შევხედოთ, საიდანაც საშიშროება უფრო მეტია.“

75 წლის ფეთულა გულენი, მწერალი, თეოლოგი და მქადაგებელი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მუსლიმ ლიდერად მიიჩნევა მსოფლიოში. იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თურქეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული. დღეს ერდოღანის მთავრობამ მისი ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა.

ერთ დროს მოკავშირეები: ერდოღანი და გულენი 1999 წელს

2002 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, გულენმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რამაც დასაბამი მისცა ერდოღანის 14 წლიან მმართველობას თურქეთის ისტორიაში.

თუმცა, ურთიერთობა მოკავშირეებს შორის მალევე გაცივდა. ერდოღანმა გულენისა და „ჰიზმეთის“ გავლენა თურქული საზოგადოებაზე, განათლების სისტემაზე, ჯარზე, სასამართლოზე, პროკურატურასა და მედიაზე მისი ძალაუფლებისთვის უაღრესად სახიფათოდ მიიჩნია.

2013-14 წლების მერე, როცა გულენის მიმდევარმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა ერდოღანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, უპრეცედენტო კორუფციული საქმე წამოიწყეს, თურქეთის პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან გულენისტები უმკაცრესად დასაჯოს.

ანკარამ 2014-15 წლებში მიაღწია გულენის სკოლების დახურვას: აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, რუსეთის, გერმანიისა და ერაყის რამდენიმე ქალაქში. ოფიციალური ბაქო კიდევ უფრო შორს წავიდა და გულენთან კავშირის გამო რამდენიმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი და თურქეთის მოქალაქეც კი დააპატიმრა.

15-16 ივლისის მოვლენები, ექსპერტების აზრით, თურქეთის ლიდერისთვის კიდევ უფრო იდეალური ფონია. თურქეთის ზეწოლით, ორი დღის წინ, სომალის ხელისუფლებამ ერთი კვირა მისცა გულენისტებს დაკეტონ მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლა და სომალი დატოვონ. გუშინ კი აზერბაიჯანში, კერძო ტელეარხი გათიშეს მხოლოდ იმის გამო, რომ იქ გულენის ინტერვიუ უნდა გასულიყო.

თავად თურქეთში, განათლების სამინისტრომ 15 000 თანამშრომელს შეუჩერა კონტრაქტი, 21 000 პედაგოგს ლიცენზია გაუუქმა, ხოლო უნივერისტეტებში 1500-ზე მეტ დეკანს მკაცრად უბრძანეს, გადადგომის თაობაზე განცხადება თავად დაეწერათ. გიულენის მომხრეებზე ნამდვილი ნადირობის სეზონია გახსნილი.

რა გზავნილები მიიღო პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს თურქეთში და რა ელის ფეთულა გულენის საგანმანათლებლო ქსელს საქართველოში, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.