ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი თურქეთს აფრთხილებს, „ზედმეტი არ მოუვიდეთ“


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორების გასამართლებას ემხრობა, თუმცა თურქეთის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში წესრიგის აღდგენის საქმეში ზედმეტი სიმკაცრე არ გამოიჩინოს. „ერთმნიშვნელოვნად არჩეული მთავრობის მხარეს ვდგავართ“, განაცხადა ჯონ კერიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მაგრამ, თურქეთის მთავრობას ასევე მოვუწოდებთ, რომ მაღალი სტანდარტი შეინარჩუნოს და პატივი სცეს სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას“ თქვა კერიმ ევროპის კავშირის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ. „რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ გადატრიალების ორგანიზატორთა გასამართლებას, მაგრამ ასევე ვაფრთხილებთ, რომ ამ საქმეში ზედმეტი არ მოუვიდეთ“.

თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უფლებამოსილება შეუჩერდა 8 777 ოფიცერს. დაკავებულია 6 000-ზე მეტი მოსამართლე და სამხედრო პირი. მსოფლიოს ლიდერებს შორის იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედება ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს დააზარალებს.

ფედერიკა მოგერინი -ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში- ამბობს, რომ კანონის უზენაესობის „დაცვის საჭიროება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს“. მან პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროპის კავშირის წევრი ვერ გახდება.

XS
SM
MD
LG