ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ კორტნი: თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას


უილიამ კორტნი
უილიამ კორტნი

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა" აშშ-ის გავლენიანი საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს წევრს, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოსა და ყაზახეთში, ამჟამად კი ასევე ვაშინგტონში, "რენდის კორპორაციის" მკვლევარს უილიამ კორტნის ესუბრა:

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რა მოხდა თურქეთში?

უილიამ კორტნი: როგორც ჩანს, სამხედროების ნაწილმა პრეზიდენტ ერდოღანისა და თურქეთის არჩეული მთავრობის ჩამოგდება სცადა. მცდელობა ჩავარდა. მომხდარმა მოსკოვის 1991 წლის პუტჩი გამახსენა. შეთქმულებს არ დაუკავებიათ პრეზიდენტი ერდოღანი. ამიტომ, მან თავისი ხალხის მობილიზება მოახერხა. არც ბორის ელცინი დაუკავებიათ 1991 წელს და შეთქმულთა წინააღმდეგ მანაც თავისი ხალხი გამოიყვანა. აგრეთვე ჩანს, რომ ამბოხებას სამხედროების მხოლოდ ნაწილი მიემხრო. მოსკოვშიც ასე მოხდა: ზოგიერთმა სამხედრომ პუტჩს დაუჭირა მხარი, ზოგიერთმა არა. გაკვეთილი ისაა, რომ განათლებულ საზოგადოებებში გადატრიალებისა დასამხედროთა მმართველობის იდეები აღარავის მოსწონს.

ამერიკის ხმა: რა გავლენა ექნება მომხდარს რეგიონზე, ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოზე?

უილიამ კორტნი: შეერთებულ შტატებსა და ევროპას, როგორც ჩანს, სირიის საკითხთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. დასავლეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი სტაბილური დემოკრატიის ქვეყანა იყოს. ვფიქრობ, დასავლეთი უფრო მეტ ძალისხმევას თურქეთის სტაბილურობისკენ მიმართავს და შედარებით ნაკლებ ინტერესს გამოიჩენს სირიის მიმართ. დასავლეთისათვის სირია არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც თურქეთი. დასავლეთის, საქართველოსა და უკლებლივ ყველას ინტერესშია რეგიონში ძლიერი, სტაბილური, აყვავებული, დემოკრატიული თურქეთის ყოფნა.

ამერიკის ხმა: როგორ აისახება მომხდარი ნატო-თურქეთის ურთიერთობებზე?

უილიამ კორტნი: ნატო და მთლიანად დასავლეთი თურქეთის დამშვიდებას შეეცდებიან. ერდოღანმა თქვა, რომ მომხდარმა, ვციტირებ, „არმიის გაწმენდის“ შესაძლებლობა გააჩინა. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც ერდოღანმა უნდა მისდიოს. მას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არა - უფრო მეტად გაყოფს. დამხობის მცდელობა ბევრწილად ერდოღანის შურისმაძიებლური მმართველობის შედეგია. ქვეყანა საზოგადოების გაყოფითა და შურისძიებით არ იმართება. ამ მეთოდმა არ იმუშავა ეგვიპტეში, როდესაც ხელისუფლებაში „მუსლიმთა საძმო“ მოვიდა. ეს მეთოდი ერდოღანისთვისაც უნაყოფოა. საკითხავია, ისწავლის თუ არა ერდოღანი გაკვეთილს და ეცდება თუ არა ნაკლებად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარებას, თუ პირიქით, გადაწყვეტს, რომ გაიმარჯვა - სინამდვილეში კი არ გაუმარჯვია - და შურს იძიებს: ბევრს დაიჭერს, ზოგიერთს მოაკვლევინებს კიდეც და უფრო მეტად გაყოფს ქვეყანას. ერდოღანმა ბორის ელცინისაგან უნდა ისწავლოს. 1991 წელს პუტჩის ლიდერებს დიდსულოვნად მოექცნენ. ამ ფაქტმა რუსეთს სტაბილურობა მოუტანა.

ამერიკის ხმა: როგორ უნდა წარმართოს საქართველომ თურქეთთან ურთიერთობა?

უილიამ კორტნი: საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და უნდა შეინარჩუნოს ის. საქართველო, როგორც დასავლეთის ნაწილი, სტაბილური, დემოკრატიული თურქეთითაა დაინტერესებული. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამავე დროს, როგორც დასავლეთის ნაწილმა, უნდა მოუწოდოს თურქეთს, გაატაროს ქვეყნის, ხალხის გაერთიანების პოლიტიკა და საზოგადოების გაყოფასა და შეთქმულების ორგანიზატორთა მიმართ შურისძიებაზე უარი თქვას.

ამერიკის ხმა: როგორ გაგრძელდება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თურქეთის ბრძოლა?

უილიამ კორტნი: სავარაუდოდ, თურქეთი უფრო მეტ ყურადღებას ქვეყნის შიდა საკითხებზე გადაიტანს, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა კი მეორე რიგში გადაინაცვლებს. თურქეთს მისი ხალხის გაერთიანება და გაძლიერება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სირიის პრობლემაში უწინდელივით აქტიური ჩართულობა.

XS
SM
MD
LG