თურქეთ-ამერიკის დაძაბულობის ფონზე ანკარა "ნატოსკენ" იყურება

იმ დროს, როდესაც რუსული რაკეტების შესყიდვის თაობაზე თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა იზრდება, ანკარა „ნატოს“ მხარეს იყურება, რადგან მიაჩნია, რომ იარაღის შესყიდვის საკითხზე „ნატოს“ უფრო დახვეწილი პოზიცია აქვს.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიერ ამ თვეში გამოთქმულმა გაფრთხილებამ, რომ თუ ანკარა რუსულ „ეს-400“ რაკეტებს შეიძენს, „ნატოში“ თურქეთის მომავალი რისკის ქვეშ იქნება, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, იბრაჰიმ კალინის გაღიზიანებული პასუხი მიიღო.

ჩვენ ერთ-ერთი წევრი ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გადაწყვეტილების მიღებაში სიტყვა ეკუთვნის, ამიტომ „ნატოში“ თურქეთის ადგილის შესახებ კითხვების წამოჭრას არ დავუშვებთ.“ თქვა კალინმა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ „ეს-400“ რაკეტები, რომელიც ივლისში უნდა მიაწოდონ, თურქეთში განლაგებული „ნატოს“ სამხედრო სისტემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კერძოდ, უახლეს ამერიკულ გამანადგურებელ „ეფ-35“-სთვის. რუსეთი „ეს-400“ სისტემას, „ეფ-35“ თვითმფრინავის „სტელსის“ ტექნოლოგიის საწინააღმდეგოდ ხვეწს.

შეერთებული შტატების გაფრთხილება

იმ დროს, როდესაც რუსული რაკეტების მიღების შემთხვევაში, ამერიკა ფართო სამხედრო და ფინანსური სანქციების შესახებ აფრთხილებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, „ნატო“ განსხვავებულ პოზიციაზე დგას.

ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჰუსეინ ბაღჩი ამბობს:

„თურქეთი - „ნატო“ და „თურქეთი - ამერიკა“ ურთიერთობები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. თურქეთსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობა კარგი არ არის, მაგრამ „ნატოს“ რაც შეეხება, პრობლემა არ არსებობს. ნატოს გენერალური მდივნის, ნათქვამში ერთი წინადადებაც არ არის, რომ თურქეთს ამ („ეს-400“) სისტემის ყიდვა არ შეუძლია. „ნატოს“ გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეუბნება, რომ ყოველ მოკავშირეს ნებისმიერი სისტემის შესყიდვის უფლება აქვს, თუმცა ასეთი შესყიდვის პოლიტიკურ შედეგებზე, სტრატეგიულ შედეგებზე არაფერს ამბობს. ამიტომ თურქები დაბნეული არიან, არ იციან ამერიკელებს დაუჯერონ თუ „ნატოს“.

ამ თვეში, თურქეთის მიერ „ეს-400“ რაკეტების შესყიდვის საკითხზე დავაში ჩართვას სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი და ისევ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომელიც იმაში მდგომარეობს „სახელმწიფო გადაწყვეტილება თითოეულმა ნატოელმა მოკავშირემ თავად უნდა მიიღოს.“

როგორც ჩანს, სტოლტენბერგი ცდილობს, ამ დავის გადაწყვეტაში, „ნატო“პატიოსანი შუამავლის ადგილზე დააყენოს.

სტოლტენბერგმა თქვა: „ვხედავთ, რომ ამ საკითხმა მოკავშირეებს შორის უთანხმოება გააჩინა და „ნატო“ მოკავშირეებს უზრუნველყოფს პლატფორმით, რომლის მეშვეობითაც ასეთი საკითხების განხილვა შეიძლება.“

იმ დროს, როდესაც თურქეთი სამხედრო რესურსებს „ნატოს“ ოპერაციების ბევრ თეატრზე, ავღანეთიდან კოსოვომდე უზრუნველყოფს, ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ სამხედრო ალიანსი ანკარასა და ვაშინგტონს შორის მწვავე დავაში ჩართვას უფრთხის.

რეგიონული როლი

თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ყველაზე არასტაბილურ რეგიონს ესაზღვრება და აქტიური როლის შესასრულებლად მისი მზადყოფნა, ამ თვეში, ხმელთაშუა ზღვის თურქულ კურორტ ანტალიაში გამართულ „ნატოს“ შეკრებაზე დაადასტურეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა მედელინ მუნმა თქვა: „თურქეთი საკუთარ თავს ხედავს როგორც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ხიდს, რაც მას მთავარ როლს ანიჭებს, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა განავრცოს“ ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონში.

მოსკოვთან კავშირის გაღრმავებასთან ერთად, ანკარა „ნატოს“ ძალისხმევის მხარდაჭერასაც აძლიერებს, რომელიც რუსული გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული.

აიდინ სელჩენი, ყოფილი მაღალი რანგის თურქი დიპლომატი ამბობს: „თურქეთს მოსკოვთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ასე რომ აქ ანტაგონიზმია (დასავლელ მოკავშირეებთან), მაგრამ იმავდროულად, ზოგიერთი მოკავშირის მიმართ ძალიან მკაცრ რიტორიკასთან ერთად, ბალტიის და შავ ზღვებში „ნატოს“ წვრთნებში უმაგალითო დონით და ხარისხით მონაწილეობს.“

სელჩენი „ნატოს“ და დასავლელი მოკავშირეების მიმართ ანკარის აშკარად წინააღმდეგობრივი საგარეო პოლიტიკის ორ ახსნას გვთავაზობს:

„თურქეთის პრეზიდენტსა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ან კავშირია დარღვეული და არასაკმარისი კოორდინაციაა, რაც დღევანდელი თურქეთის სახელმწიფო რეჟიმის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, ან ანკარა ცდილობს გარკვეული დათმობები გამოძალოს ვაშინგტონს, რომელიც თანამშრომლობისთვის არ არის განწყობილი.“

„ნატოელი“ პარტნიორების მიმართ თურქეთის უფრო მტკიცე მიდგომა, შესაძლოა ალიანსის შიგნით ახალი უთანხმოების საფრთხე იყოს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ანკარა აპირებს მაკედონიის „ნატოში“ მიღებას ვეტო დაადოს, თუ სკოპიე არ მოახდენს თურქეთის იმ მოქალაქეების ექსტრადიციას, რომლებიც 2016 წლის, თურქეთის ჩაშლილ პუტჩთან დაკავშირებით იძებნებიან.

კითხვა ალიანსში მომავლის შესახებ

„ნატოს“ ზოგიერთი წევრის მიმართ თურქეთის პოზიცია, მოსკოვთან კავშირის გაღრმავებასთან ერთად, ზოგიერთს ალიანსში ამ ქვეყნის მომავლის შესახებ კითხვებს უჩენს. თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი გულნორ აიბეტი ამ შიშს, როგორც ჩანს, სიხარულით აღვივებს.

ამ თვეში, ვაშინგტონში ჩატარებული დისკუსიის დროს აიბეტმა თქვა: „თუ შეერთებული შტატები თურქეთის მიმართ ნულოვანი შედეგის მეთოდით მიდგომას გააგრძელებს... მაშინ კარი, რომელიც ურთიერთობის მომავლისთვის ამჟამად ღიაა, შეიძლება სხვა პარტნიორისთვის გაიღოს და ეს რუსეთია.“

თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ბაღჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური რიტორიკის მიღმა გავიხედოთ და გავიგოთ, რომ თურქეთისთვის „ნატოს“ სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, უცვლელი რჩება.

„რუსეთი (თურქეთისთვის) ალტერნატივა არ არის, თურქეთი რუსეთს არ შეხედავს, როგორც ყველაზე სანდო მოკავშირეს, ეს ასე არ არის და არც იქნება. თურქეთი რუსეთს ყოველთვის ძალის გასაწონასწორებლად, ბერკეტად იყენებს. თურქეთი „ნატოს“ არ დატოვებს, თუ „ნატო“ არ დატოვებს თურქეთს. მაშინ რუსეთი ალტერნატივაა,“ თქვა ბაღჩიმ.