ოთხშაბათს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიცირებას, შემდგომი კვირების განმავლობაში აპირებს.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლაზე განაცხადი გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიტანეს, მაგრამ ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ამას მხარი არ დაუჭირა. მიზეზი მისი განმარტებით, ამ ორი ქვეყნის მხრიდან იმ ჯგუფების დაცვა და მფარველობა იყო, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
თურქეთმა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი აპრილში დაუჭირა, მაგრამ შვედეთს ლოდინი მოუხდა. მოგვიანებით ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებას საშემოდგომო სესიის განახლებისას უყრიდა კენჭს. თუმცა ეს პროცესი კვლავ გადაიდო. შვედი მინისტრის განცხადების თაობაზე თურქეთის მხრიდან დადასტურება ან კომენტარი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ყოფილა.
ასევე ნახეთ: თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ისევ აყოვნებსთურქეთმა შვედეთისგან დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა "ქურთების მუშათა პარტიის" ადგილობრივი წევრების მოქმედებათა შესაზღუდად. ორგანიზაციას ევროკავშირი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ.
ამის საპასუხოდ, სტოკჰოლმმა წარმოადგინა ანტი-ტერორისტული კანონპროექტი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას უკანონოდ აღიარებს. ამასთან ერთად, ის თურქეთში იარაღის ექსპორტზე შეზღუდვებს ხსნის. შვედეთი აცხადებს, რომ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების საკუთარი ნაწილი შეასრულა.
ივლისში ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანება, თურქეთის ევროკავშირში მიღებას დაუკავშირა, რომლის თაობაზე მოლაპარაკებებიც წლების განმავლობაში გაყინული იყო, მაგრამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირში მიღებამდე ჯერ კიდევ ბევრი „ღია საკითხი“ რჩება.