თურქეთში შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობამ სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთში მასშტაბური ხანძრების შემდეგ ბუნებრივი კატასტროფა თავს ჩრდილოეთ რეგიონებს დაატყდა. ეს თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი წყალდიდობაა.
წყლის ნაკადმა ათობით მანქანა, ნაგებობა თუ სხვა ნივთები წალეკა, განადგურდა ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ნაგებობები და ბოძები, ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს უდიდესი წყალდიდობაა, რაც მას ოდესმე უნახავს და მოქალაქეები კვლავ რისკის ქვეშ არიან. ინფრასტრუქტურა კი ძალიან სერიოზულადაა დაზიანებული.