თურქეთი და რუსეთი სირიაში "დეესკალაციის ზონაზე" შეთანხმდნენ

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს სირიის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ანკარაში მიმდინარე შეხვედრაზე რუსეთის და თურქეთის ლიდერებმა სირიაში დეესკალაციის ზონის შექმნაზე მოილაპარაკეს.

შეთანხმების მიხედვით, ზონა სირიის ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში უნდა ჩამოყალიბდეს. ამ ეტაპზე, იდლიბს ჯიჰადისტები აკონტროლებენ. მოლაპარაკების დასასრულს ერდოღანმა თქვა, რომ ისინი დეესკალაციის ზონის იმპლემენტაციას "მეტი ინტენსივობით შეუდგებიან".

თურქეთ-რუსეთის შეთანხმება შესაძლოა სირიაში მიმდინარე მრავალწლიანი სამოქალაქო დაპირისპირების დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. "ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სირიაში ომი შეწყდეს" - განაცხადა პუტინმა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.