აშშ: იმიგრაციის საკითხებზე შეთანხმება რთულდება

გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა შავკანიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნები დამამცირებელ კონტექსტში, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, დონალდ ტრამპმა უარყო. თუმცა, ანალიტიკოსები და კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ეს მაინც უარყოფითად აისახება იმ შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც ამერიკის ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება.

თუკი მომავალ კვირამდე კონკრეტულ საკითხებზე ორპარტიული შეთანხმება არ შედგება, მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერდება. შემდეგი კვირის ბოლოს ამ დრომდე დამტკიცებული ფედერალური რესურსები იწურება.

გასულ ხუთშაბათს სენატორები იმედიანად იყვნენ განწყობილნი, რადგან „დაკას“ პროგრამის შესახებ თანხმობის მიღწევა უკვე რეალური ჩანდა. „დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.

დემოკრატების ლიდერი სენატში, ჩარლზ შუმერი ამბობდა, რომ „დაკათი“ უზრუნველყოფილი გარანტიები და საზღვრის დაცვის ზომები იქნებოდა ის საკითხები, რაზეც შეთანხმება შედგებოდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, გაზეთების "ვაშინგტონ პოსტისა" და "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კანონმდებლებთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, რომლის მთავარი თემაც იმიგრაცია იყო, განაცხადა: „რატომ ვაძლევთ ხალხს ამ ნაგავი ქვეყნებიდან ჩამოსვლის უფლებას?“ - საუბარი ჰაიტის და აფრიკის ქვეყნებს შეეხებოდა.

„მე გავიგონე, რა თქვა მან, ზუსტად ეს თქვა, პრეზიდენტმა არათუ ერთხელ გამოიყენა ვულგალური ტერმინი, არამედ გაიმეორა ის რამდენჯერმე“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა.

ტრამპი ბრალდებებს „ტვიტერით“ გამოეხმაურა და თქვა, რომ შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი არაფერი უთქვამს.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ეს არ დაეხმარება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და სამწუხაროა, რაც მოხდა. პალატის დემოკრატმა წევრმა ჯონ ლუისმა კი თქვა, რომ ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა, ცრემლიც კი მოგვარა და ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი რასისტია.

სექტემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გასცა ბრძანება. კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება შეაჩერა. თუმცა, მუდმივი ლეგალური საცხოვრებლის უფლების მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები გრძელდება. ბევრი რესპუბლიკელი მოითხოვს, ისეთ ცვლილებებს რეგულაციებში, რომლებიც გულისხმობს საზღვრის დაცვის უფრო მკაცრ ზომებს და ლეგალური იმიგრაციის შესახებ რეფორმებს.

სენატორი დევის პერდუ ამბობს, რომ რესპუბლიკელებს და დემოკრატებს სურთ "დაკასთან" დაკავშირებული სიტუაციის გადაწყვეტა. მაგრამ, ასევე სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ საკითხის განხილვა აღარ მოუწევთ ხუთი წლის შემდეგაც. "ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საზღვრები იყოს დაცული", - ამბობს სენატორი.

თუმცა, ახლა პრეზიდენტი ეჭვს გამოთქვამს, რომ დემოკრატებთან შეთანხმება შესაძლებელია და მათ "უდიდესი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაში" ადანაშაულებს. კვირას მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ "დაკა" სავარაუდოდ უკვე მკვდარია, რადგან სინამდვილეში ის დემოკრატებს არ სურთ".

დემოკრატები ამ საკითხს მთავრობის ფედერალური რესურსების ამოწურვის კონტექსტში განიხილავენ და ამბობენ, რომ ბიუჯეტს მხარს მანამ არ დაუჭერენ, სანამ "დაკას" საკითხზე არ შეთანხმდებიან. ზოგიერთი სენატორი კი, მაგალითად ჯეფ ფლეიკი, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ამ კვირის განმავლობაში ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწევენ.