რესპუბლიკური პარტიის მორიგი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე, კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა. 8 თებერვალს ჩატარებულ კოკუსებზე მან ნევადასა და შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ: დავა უზენაეს სასამართლოში - ტრამპი კოლორადოს საარჩევნო ბიულეტენზეხმები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის, მაგრამ კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მონაცემებით, მას შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება ნევადაში და ვირჯინიის კუნძულებზე უკვე გარანტირებული აქვს.
ეს ფაქტი ამერიკის 45-ე პრეზიდენტს კიდევ უფრო აახლოვებს წარმატებასთან მისი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, კიდევ ერთ კანდიდატ ნიკი ჰეილისთან დაპირისპირებაში, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩია გაეროში, ტრამპს რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის დიდი უპირატესობა აქვს.
მომდევნო მნიშვნელოვანი პრაიმერები 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინის შტატში იგეგმება. ამ კენჭისყრას ჰეილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს მისი მშობლიური შტატია, სადაც ის დაიბადა და გუბერნატორის თანამდებობაზე ორი ვადით იყო არჩეული. თუმცა, გამოკითხვების მიხედვით, შტატის რესპუბლიკელებში იქაც დონალდ ტრამპი ლიდერობს.
Your browser doesn’t support HTML5