შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სურვილია, ამერიკელი ჯარისკაცები მთელი შემადგენლობით, ავღანეთიდან სამშობლოში ამ წლის ბოლომდე დაბრუნდნენ. ახალი თარიღი ამ დილით, მისივე ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ ვადებთან შედარებით, გაცილებით უფრო ადრეა.
პრეზიდენტის "ტვიტერზე" დაწერილ განცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, განცხადება გააკეთა რობერტ ობრაიენმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, ამერიკის ძალები ავღანეთში 2021 წლის პირველ თვეებში 5 000 ჯარისკაციდან 2 500-მდე შემცირდება.
"ჩვენ ავღანეთში დარჩენილი მამაცი კაცების და ქალების მცირე რაოდენობა შობამდე შინ უნდა გვყავდეს" - ამბობს პრეზიდენტი. ეს განცხადება ტრამპმა ოთხშაბათს გვიან საღამოს, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გააკეთა.
ავღანეთში ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი 2001 წელს დაიწყო, როცა შეერთებული შტატების არმია ქვეყანაში შეიჭრა. ეს იყო პასუხი 11 სექტემბრის ტერაქტზე ნიუ-იორკში და ვაშინგტონში. ავღანეთს მაშინ თალიბანი მართვდა, რომელიც ხელს აფარებდა ალ-ყაიდას ტერორისტულ ქსელს და მის ლიდერს -ოსამა ბინ-ლადენს- ადამიანს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორი იყო.
თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა თალიბანთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც ამერიკის ძალებმა ქვეყანა 2021 წლის შემოდგომამდე უნდა დატოვოს. თალიბანი სანაცვლოდ პირობას დებს, რომ არ დაეხმარება საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს.
ასევე ნახეთ: ავღანეთის ომმა, 2009 წლიდან 100 ათასი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა