ტრამპი: "ყალბი ახალი ამბების მედია ოპოზიციური პარტიაა"

Trump

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მედიის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ასობით ამერიკულმა გამოცემამ უპრეცედენტოდ კოორდინირებული ნაბიჯი გადადგა და პრეზიდენტის გამუდმებულ თავდასხმებს უპასუხა.

ამერიკის ყველა შტატიდან - ვაიომინგის გარდა - 380-ზე მეტი საინფორმაციო საშუალება შეუერთდა კამოპანიას და გამოაქვეყნეს თავისუფალი მედიის მხარდამჭერი სარედაქციო წერილები.

კამპანიას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ზოგიერთი მედიასაშუალების გამუდმებული კრიტიკა მისი თქმით "ყალბი ახალი ამბების გავრცელებისათვის" და "ხალხის მტრობისთვის".

ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი მედია ოპოზიციური პარტიაა".

კვინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვა, რომელიც ამ თვეში ჩატარდა, აჩვენებს, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 44 % შეშფოთებულია იმით, თუ როგორ აკრიტიკებს პრეზიდენტი საინფორმაციო საშუალებებს და შიშობს, რომ ეს კრიტიკა შესაძლოა მედიაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ აგრესიისა და ძალადობის საფუძველი გახდეს. დემოკრატთა დიდი ნაწილი ეთანხმება გამოკითხვის შედეგებს, რესპუბლიკელთა თითქმის იმავე რაოდენობის წარმომადგენელი კი - არა.

გუშინ, ქვეყნის ბეჭდური გამოცემების დიდმა ნაწილმა უპრეცედენტოდ კოორდინირებული ნაბიჯი გადადგა და სარედაქციო წერილები იმ საფრთხეს მიუძღვნა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე სისტემატური თავდასხმა ქმნის.

ინიციატივას სათავეში "ბოსტონ გლოუბი" ჩაუდგა, რომელმაც განაცხადა, რომ "თავისუფალ მედიასთან გამართული ბინძური ომი უნდა შეწყდეს". ზოგიერთმა ცნობილმა გამოცემამ, როგორიცაა, მაგალითად "ლოს-ანჯელეს თაიმსი", აქციაში მონაწილეობა არ მიიღო. რედაქციის განცხადებით, ეს კიდევ უფრო მეტ საფუძველს მისცემს პრეზიდენტ ტრამპს მედია მტრად წარმოაჩინოს.

"ორ საუკუნეზე მეტი ხანია, რაც ამერიკის ეს ფუნდამენტური პრინციპი შინ ჟურნალისტებს იცავდა, უცხოეთში კი თავისუფალი ქვეყნებისთვის სანიმუშო იყო" - წერს გამოცემა. "დღეს ეს დიდი საფრთხის ქვეშ არის. და ეს საგანგაშო სიგნალს უგზავნის დესპოტებს ანკარიდან მოსკოვამდე, პეკინიდან ბაღდადამდე, რომ ჟურნალისტებს შეიძლება მოექცე, როგორც საშინაო მტერს" - ნათქვამია "ბოსტონ გლოუბის" სარედაქციო წერილში. "იმის დაბეჯითებით თქმა, რომ სიმართლე, რომელიც შენ არ მოგწონს, "ყალბი ახალი ამბავია", დემოკრატიისთვის სასიცოცხლო საფრთხეს ქმნის. ჟურნალისტებისთვის "ხალხის მტრის" ძახილი სახიფათოა. წერტილი" - წერს "თაიმსი" თავის სარედაქციო წერილში.