დონალდ ტრამპს სასამართლომ ბრალი ოფიციალურად წაუყენა, ის ყველა ბრალდებას უარყოფს

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ხუთშაბათს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ფედერალური პროკურორი მას ბრალს სდებს იმაში, რომ ის ხელმძღვანელობდა სიცრუეზე დაფუძნებულ ფართომასშტაბიან შეთქმულებას, რომლის მიზანიც 2020 წლის არჩევნების შედეგის შეტრიალება იყო. ბრალდების თანახმად, ამ შეთქმულების კულმინაცია ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში ძალადობრივი შეჭრა გახდა.

სწორედ კაპიტოლიუმის შენობის გვერდით მდებარე სასამართლოში მივიდა დღეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მონაწილე დონალდ ტრამპი ბრალის მოსასმენად.

როგორც წინა ორი ბრალდების წაყენების შემთხვევაში, ტრამპმა ყველა ბრალდება ვაშინგტონის სასამართლოშიც უარყო და თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

მან ვაშინგტონი საკუთარი თვითმფრინავით საღამოს 5:15 წუთისთვის დატოვა.

სამშაბათს, 45-გვერდიანი საბრალდებო დასკვნით სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა დაადანაშაულა ტრამპი და მისი მოკავშირეები ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. ტრამპს ბრალი ედება იმაშიც, რომ ის ზეწოლას ახდენდა სახელმწიფო და ფედერალურ ოფიციალური პირებზე, რათა მათ არჩევნების შედეგები შეეცვალათ.

ასევე ნახეთ: ტრამპის კიდევ ერთი საბრალდებო დასკვნა 6 იანვრის ამბოხს უკავშირდება

ტრამპს ოთხი მუხლით გასამართლება ემუქრება, მათ შორისაა: შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით შეთქმულება, მოქალაქეებისთვის მათი ხმების ჩათვლის უფლების ჩამორთმევა და ოფიციალური პროცესის შეფერხება. ყველაზე მძიმე ბრალდება 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში, ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას, თავისი საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელი ხრიკი უწოდა.

ტრამპისთვის, ეს ბოლო 4 თვეში მესამე ბრალდებაა. მან თავი უკვე ცნო უდანაშაულოდ საიდუმლო დოკუმენტების სახლში წაღებაში მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა დაასრულა. ის თავს ასევე უდანაშაულოდ ცნობს პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეში.