დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “საიდუმლო თანამშრომლობა დანაშაული არ არის”. პრეზიდენტი აგრძელებს სიტყვიერ თავდასხმას ვაშინგტონში დანიშნული სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ჯგუფზე, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიის რუსეთთან სავარაუდო თანამშრომლობას იძიებს. დღეს ვირჯინიაში ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესი იწყება.
პრეზიდენტმა განცხადებაში თავისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიუ-იორკის ყოფილი მერის რუდი ჯულიანის სიტყვები გაიმეორა, რომელმაც თქვა, რომ შეერთებული შტატების კანონმდებლობაში ამ სახელწოდების მქონე დანაშაულის კოდი არ არსებობს. თუმცა, “ამას მნიშვნელობა არ აქვს”, დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გაკეთებულ განცხადებაში, რადგან საარჩევნო კამპანიას და რუსეთს შორის საიდუმლო თანამშრომლობა ისედაც არ ყოფილა.
სამართლის სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ამ სახელწოდების კოდი კანონმდებლობაში მართლაც არ არსებობს, მაგრამ სახელის მიუხედავად, არსებობს უცხოეთის მთავრობასთან არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით მოწყობილი შეთქმულების დანაშაულის კოდი. სწორედ შესაძლო შეთქმულების საქმეს იძიებს სპეციალური გამომძიებლის ჯგუფი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მხრიდან 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობას აღიარებს. თუმცა, განუწყვეტლად იმეორებს, რომ რობერტ მალერის გამოძიება “დიდი სიყალბეა” და სხვა არაფერია თუ არა მისი ოპონენტის ჰილარი კლინტონის მხარდამჭერების მიერ მოწყობილი “კუდიანებზე ნადირობა”.