ხუთშაბათს, 18 ივლისის საღამოს, დონალდ ტრამპმა ამერიკის რეპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია ოფიციალურად მიიღო. საათ-ნახევრიანი სიტყვით გამოსვლისას მან დეტალურად აღწერა თავისი მკვლელობის მცდელობა
78 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც შემტევი რიტორიკითაა ცნობილი, თავისი გამოსვლა შედარებით რბილი და პირადული, ემოციური გზავნილებით დაიწყო. მან დეტალურად აღწერა, როგორ ჩახედა სიკვდილს თვალებში, კონვენციაზე, მილუოკიში შეკრებილები მას დუმილით უსმენდნენ. ტრამპმა თქვა, თავდასხმისას თავი ეკრანზე გაშვებულ ცხრილზე შესახედად შემოტრიალა, როდესაც "ყურში რაღაც იგრძნო", ხელი ყურზე მოიკიდა და მიხვდა, რომ სისხლი მოსდიოდა.
"თავი რომ არ მომეტრიალებინა ბოლო წამს, მკვლელის ტყვია პირდაპირ მიზანში მოხვდებოდა. მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით".
ტრამპის მიმართვა თანამედროვე კონვენციების ისტორიაში ყველაზე გრძელი იყო, თითქმის 93 წუთი. ეს მასშტაბური 4-დღიანი პარტიული კონვენციის დასასრული იყო. მილუოკიში, უისკონსინის შტატში პარტიის ათასობით კონსერვატორი აქტივისტი და შტატის ოფიციალური პირები შეიკრიბნენ.
ტრამპმა თავდასხმის შემდეგ უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ქვეყნის გაერთიანება და დაპირისპირების შემცირება მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამერიკასთან"ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება უნდა განიკურნოს. და ეს სწრაფად უნდა მხოდეს. ჩვენ, ამერიკელებს ერთი საერთო ბედისწერა გვერთიანებს. ან ერთად ავმაღლდებით, წავალთ მაღლა, ან დავიშლებით", - თქვა ტრამპმა. გამოსვლისას ყოფილ პრეზიდენტს ნაიარევ მარჯვენა ყურზე თეთრი სახვევი ეკეთა. "მე მთელი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ვიყრი კენჭს და არა - ანხევარი ამერიკისთვის, რადგან გამარჯვება არ იქნება ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვებაში", - თქვა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა მისი კამპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე - მიგრაციაზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ "ამერიკის ისტორიაში დეპორტაციების უდიდეს ოპერაციას" ჩაატარებს. ის მიგრანტები, ვინც მექსიკა-ამერიკის საზღვრის გადაკვეთით ჩავიდა ამერიკაში, მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა "შეჭრაში", ისაუბრა ახალ სატარიფო რეგულაციებზე და საგარეო პოლიტიკის პრინციპი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" გაიმეორა.
ტრამპმა კვლავ მტკიცებულებების გარეშე თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატებმა გააყალბეს. ფედერალურმა და შტატის საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს, რომ სისტემური გაყალბება არ მომხდარა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ შეიძლება "განსხვავებული აზრი კრიმინალიზებული იყოს და პოლიტიკური უთანხმოება კი დემონიზებული", თუმცა ის თავად ხშირად ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგეები უნდა გასამართლდნენ.
ყოფილ პრეზიდენტს არ უხსენებია აბორტის უფლება - თემა, რომელიც ქვეყანაში დიდი უთანხმოების საკითხია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი გარანტირებული უფლება გააუქმა და ეს შტატების პრეროგატივად დატოვა. იმ 6 მოსამართლიდან, ვინც მხარი ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა, 3 სწორედ პრეზიდენტ ტრამპის წარდგენილია.
მას არც 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმა უხსენებია, რომლის წაქეზებაშიც ოპონენტები მას სდებენ ბრალს.
საყოველთაო არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები დრო რჩება, რესპუბლიკელთა კონვენციის პარალელურად არ წყდება დისკუსია იმაზე, გამოეთიშება თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი საარჩევნო რბოლას და მოხსნის თუ არა საკუთარ კანდიდატურას. ახლა ის კოვიდითაა ინფიცირებული და დელავერის რეზიდენციაშია იზოლირებული. ვრცელდება ცნობები, რომ წამყვანი დემოკრატი კანონმდებლების აზრით, ის საყოველთაო არჩევნებში ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებს და ამიტომ მან გზა სხვა კანდიდატებს უნდა გაუხსნას.