ტრამპმა "ტვიტერზე" მიზანში ამერიკის დაზვერვის შეფები ამოიღო

„ტვიტერ“-შტორმი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ იერიში ქვეყნის დაზვერვის სააგენტოების ხელმძღვანელებზე მიიტანა. დონალდ ტრამპმა ისინი თანამედროვე საფრთხეების ანალიზის გამო გააკრიტიკა. მათ შორის, საუბარია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ჩრდილოეთ კორეის და ირანის მხრიდან მომავალი საფრთხეების შეფასებაზე.

ე.წ. ტვიტების მთელ სერიაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის მიღწევებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და დაზვერვის შეფებს „უკიდურესად პასიური და გულუბრყვილო“ უწოდა. „როცა მე პრეზიდენტი გავხდი, სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უკონტროლო იყო... მას შემდეგ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, განსაკუთრებით ბოლო 5 კვირაში“ - წერს ის და აგრძელებს: „სახალიფო მალე დაინგრევა, რაც ორი წლის წინ წარმოუდგენელი იყო“.

განიარაღების მიმართულებით, კორეის ნახევარკუნძულზე „ღირსეული ცვლილება“ მოხდა, „ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა უკეთესია, ვიდრე როდესმე ყოფილა“ - წერს პრეზიდენტი. რაც შეეხება ირანს, მისი აზრით, დაზვერვის სააგენტოების ოფიციალური პირები „არასწორნი არიან“! დასასრულს კი ტრამპი წერს: „იქნებ სჯობს, დაზვერვა სკოლაში დაბრუნდეს“?

დაზვერვის განსხვავებული შეფასებები

„ტვიტერზე“ პრეზიდენტის დღევანდელ აქტიურობას ერთი დღით უსწრებდა წინ დაზვერვის წამყვანი სააგენტოს შეფების მიერ შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული მოხსენება. კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას 6 უწყება ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: დაზვერვის ცენტრალური სააგენტო, გამოძიების ფედერალური ბიუროს და უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები. დაზვერვის შეფებმა კონგრესში მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიური საფრთხეების შეფასება წარმოადგინეს.

პრეზიდენტის განცხადებებისგან განსხვავებით, დაზვერვის სააგენტოების ხელმძღვანელებმა შექმნილი საერთაშორისო ვითარება მიმდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, გაცილებით მუქ ფერებში დაახასიათეს. ისინი კანონმდებლებს აფრთხილებენ, რომ შეერთებული შტატების გავლენა გლობალურ მოვლენებზე, მთავარ მტრებთან შედარებით, სუსტდება. ამ ფონზე ამერიკას საქმე აქვს სხვადასხვა სახის საფრთხის „ტოქსიკურ ნაზავთან“.

მთავარ მტრებს შორის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოების ხელმძღვანელები რუსეთს და ჩინეთს ასახელებენ. მათი თქმით, მოსკოვი და პეკინი მზად არიან ის სიცარიელე შეავსონ, რომელიც შეერთებული შტატების დასუსტებით იქმნება.

საჯარო შეხვედრაზე ამერიკული დაზვერვის ლიდერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები პრეზიდენტის განცხადებებს არც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ჩრდილოეთ კორეის და ირანის საფრთხეთა შეფასებებში ემთხვეოდა. ტრამპის თქმით, „ჩვენ დაჯგუფების წინააღმდეგ ომი მოვიგეთ... ჩვენ ისინი დავამარცხეთ... ჩვენ ისინი მაგრად დავამარცხეთ“. გუშინდელ შეხვედრაზე კი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, დენ ქოუთსმა თქვა: „დაჯგუფება აღორძინებას ისახავს მიზნად და ჯერ კიდევ აკონტროლებს ათასობით მებრძოლს ერაყში და სირიაში... დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო გააგრძელებს შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შექმნას... ეს ტერორისტული საფრთხე გარკვეული დროის მანძილზე გაგრძელდება“.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, დენ ქოუთსი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი ამბობენ, რომ ამერიკასთან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილის მიუხედავად, ფხენიანი ბირთვული ამბიციების დათმობისთვის მზად არ არის. მათი აზრით, ქვეყნის ლიდერი „ბირთვულ იარაღს რეჟიმის გადარჩენისთვის კრიტიკულად“ თვლის. ჩრდილოეთ კორეის „რეჟიმი ერთგულია გრძელი რადიუსის ბირთვული რაკეტის შექმნის პროცესის, რაც შეერთებული შტატებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია“ - აცხადებს ჯინა ჰასპელი.

„ირანი ახლო აღმოსავლეთში ბალისტიკური რაკეტების ყველაზე დიდ რეზერვს ინარჩუნებს“ - უთხრა კანონმდებლებს დენ ქოუთსმა. რეგიონში „თეირანი ტერორიზმის სპონსორობას აგრძელებს“, რაც „ირანის გავლენას და კონფლიქტის ესკალაციის რისკს ზრდის“, საბოლოო ჯამში კი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ერაყში და სხვა ქვეყნებში.

რეაქცია პრეზიდენტის შეფასებებზე

დაზვერვის შეფებმა „ტვიტერზე“ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე კომენტარისგან თავი შეიკავეს, მათ შორის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ, თავდაცვის დაზვერვის სააგენტომ და დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ, სამივემ უარი თქვა კომენტარზე. თუმცა, პასუხი ჟურნალისტებმა ამერიკელი კანონმდებლებისგან და დარგის სხვა ექსპერტებისგან მიიღეს.

„პრეზიდენტს დაზვერვისთვის ძირის გამოთხრის სახიფათო ჩვევა აქვს, რათა ეს საკუთარ ალტერნატიულ რეალობას მოარგოს“ - განაცხადა „ტვიტერზე“ სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა. მისი თქმით, „ხალხი სიცოცხლეს რისკავს დაზვერვისთვის და ის კი „ტვიტერზე“ სხვებს ხელს კრავს“.

პრეზიდენტი გააკრიტიკა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმაც. მისი თქმით, ტრამპის „ტვიტები“ აჩვენებს მისი „ინტელექტუალური გაკოტრების ხარისხს“ და ამერიკელებმა უნდა გაიგონ, თუ რა საფრთხეს უქმნის ის ქვეყნის „ეროვნულ უსაფრთხოებას“.

დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ პრეზიდენტის შეფასებები უფრო მედიის რეაქციაზე პასუხს გავდა, ვიდრე საქმეში ჩახედული ადამიანის აზრს. „მას უშუალოდ დაწერილი ანგარიში უნდა წაეკითხა“ - ამბობს ჯეიმს კლაპერი.

„ჩემთვის ახლა საკითხავი ის არის, თუ რა მომენტში დატოვებენ პოსტს დაზვერვის შეფები“ - აღნიშნავს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ვეტერანი ჯონ სიფერი, რომელიც ერთ დროს სააგენტოში რუსეთის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, „ერთია, როცა პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვს... მაგრამ მეორეა, ასე ერთბაშად, ღიად შეუტიო და დაამცირო დაზვერვის წრეები“.