ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს „სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის“ მცდელობას აბრალებენ


სადაზვერვო სამსახურების 12 ყოფილი ოფიციალური პირი თეთრი სახლის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ ბრენანისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ეს გადაწვეტილება „დაუფიქრებელი და უპრეცედენტოა" - ნათქვამია განცხადებაში.

„პრეზიდენტის ნაბიჯი ჯონ ბრენანთან დაკავშირებით და მუქარა, რომ შესაძლოა იგივე ნაბიჯი გადაიდგას სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით, საერთოდ არ არის კავშირში იმასთან, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, და მთლიანად განპირობებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

განცხადებას ხელს აწერს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის 6 ყოფილი დირექტორი და 5 დირექტორის მოადგილე, და ასევე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი. ისინი პრეზიდენტ ტრამპის ცნობილი კრიტიკოსები არიან.

სწორედ იმის გამო, რომ ეს ჯგუფი პრეზიდენტს საჯაროდ ხშირად აკრიტიკებს, არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტი საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლების ჩამორთმევას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი როგორც ბრენანის, ასევე სხვების გაჩუმების მიზნით, მათ დასაშინებლად გადადგა. „ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა პოლიტიკურ იარაღად ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ამ შემთხვევაში“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოხატა აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავდებოდა თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებისგან. პრეზიდენტმა მისი გადაწვეტილება, "უოლ-სტრიტ ჟურნალთან" საუბრისას, სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გამოძიებას დაუკავშირა, რომელიც ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს და გარიგებას იძიებს. მისი თქმით, ბრენანი ცდილობდა ხელი შეეშალა სამართლიანობისთვის და გამოძიებისთვის მიმართულება შეეცვალა.

ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გუშინ ჩამოართვა. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯონ ბრენანი ცდილობდა მის ადმინისტრაციაში „უთანხმოების და ქაოსის“ შეტანას.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განიხილავს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლებასაც. მათ შორის არიან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლაპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი, ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სიუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სალი იეტსი.

თეთრი სახლის პრესპიკერმა სარა სანდერსმა უარყო, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამ პირების მხრიდან დონალდ ტრამპის კრიტიკამ განაპირობა.

ბრენანი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმამაღალი კრიტიკოსია. გასულ თვეში, პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციასთან დაკავშირებით, მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეს „სხვა არაფერია თუ არა მოღალატეობრივი“ ქმედება.

თეთრი სახლის მიერ მისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ჩამორთმევის პასუხად, ბრენანმა სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ დაწერა, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი არის „სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის“ მცდელობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG