ტრამპი ჰარისთან კიდევ ერთ დებატებზე უარს ამბობს

12 სექტემბერს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამორიცხავს კიდევ ერთ საპრეზიდენტო დებატებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წინააღმდეგ. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჰარისის საარჩევნო კამპანიამ დებატების შემდეგ უზარმაზარი თანხების მობილიზება შეძლო.

თავის სოციალურ გვერდზე Truth Social რესპუბლიკელთა ნომინანტმა დიდი ასოებით და ძახილის ნიშნით დაწერა: "მესამე დებატები აღარ იქნება" (THERE WILL BE NO THIRD DEBATE!). ტრამპი დემოკრატ ნომინანტებთან წელს უკვე ორ დებატებში მონაწილეობდა - ივნისში ჯო ბაიდენთან და სექტემბერში - კამალა ჰარისთან. ცნობილია, რომ მათ ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსი" დებატების ჩასატარებლად, ოქტომბერში იწვევს.

ასევე ნახეთ: ისტორიული დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის - მთავარი საკითხები და დებატების შეჯამება

ერთი დღით ადრე ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული. არ არის გამორიცხული, მან აზრი ისევ შეიცვალოს. ტრამპს და ჰარისს შორის გამართულ ჯერჯერობით ერთადერთ დებატებს 67 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ჰარისი მიიჩნევს, რომ მათ შორის ტელედებატები კიდევ უნდა გაიმართოს. ჩრდილოეთ კაროლინაში 12 სექტემბერს გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ ეს მათი "ვალია" ამერიკელი ამომრჩევლებისადმი.

დემოკრატთა საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ დებატების დასრულებისთანავე, ჰარისის კამპანიამ მნიშვნელოვანი შემოწირულობები მიიღო. ტრამპთან დებატების დასრულებიდან მხოლოდ პირველ 24 საათში, ჰარისის კამპანიამ 600 000 დონორისგან $47 მილიონი მიიღო, რაც კარგად ასახავს "ამერიკელთა ერთობას ძლიერ და მზარდ კოალიციაში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან დგას", - განაცხადა კამპანიის თავმჯდომარემ ჯენ ო'მოლი დილონმა.

ასევე ნახეთ: ამერიკელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გაგზავნა დაიწყო