ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გაგზავნა დაიწყო


შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნები 5 ნოემბერსაა დანიშნული, მაგრამ მათთვის, ვისაც ხმის მიცემა ნაადრევად სურს, ბიულეტენების გაგზავნა უკვე იწყება. პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების ნომინანტია ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რესპუბლიკელებმა კი ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეარჩიეს.

47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები 5 ნოემბერს ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 33 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.

როგორც წესი, ბიულეტენების პირველი პარტია უცხოეთში მომსახურე სამხედროებს, დიპლომატებსა და უცხოეთში მცხოვრებ ამერიკის სხვა მოქალაქეებს ეგზავნება. ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, ეს არჩევნებამდე 45 დღით ადრე უნდა მოხდეს, რაც წელს 21 სექტემბერს უწევს.

შტატის კანონებით, ზოგი ამას კიდევ უფრო აკეთებს, მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინისთვის ეს თარიღი წელს 6 სექტემბერია. ასევე განსხვავდება უკვე შევსებული ბიულეტენების მიღების ვადები. მაგალითად ჯორჯიის შტატში, რომელიც წლევანდელ არჩევნებზე ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად ითვლება, საბოლოო ვადა 7 ოქტომბრითაა განსაზღვრული.

თავად ამერიკის ტერიტორიაზეცაა შესაძლებელი ნაადრევი ხმის მიცემა, თუკი ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება დაგეგმილი მოგზაურობის, ან სხვა რაიმე მიზეზით არ აქვს. ესეც სხვადასხვა შტატში სხვადასხვანაირად რეგულირდება. მაგალითად, კიდევ ერთ გადამწყვეტ შტატში, პენსილვანიაში, ამომრჩეველს შეუძლია დღესვე მივიდეს საარჩევნო უბანზე, წამოიღოს ბიულეტენი, შინ შეავსოს ის და ამის შემდეგ ამომრჩეველი ვალდებულია ბიულეტენი 16 სექტემბრამდე ფოსტით დააბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ხმა გაბათილდება.

სხვა სიახლეები

ერთ კვირაში, 10 სექტემბერს, შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი, ერთმანეთს პირდაპირი ეთერით დაუპირისპირდებიან. დებატები, რომელსაც მასპინძლობს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი" (ABC News), სამშაბათს, ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე გაიმართება. ადგილად ფილადელფია შეირჩა, ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატის, პენსილვანიის უდიდესი ქალაქი.

ამის შემდეგ, 18 სექტემბერს, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ დამტკიცებული ბრალეულობის თაობაზე, სასჯელის შეფარდების გამოცხადებას ელის. მისმა ადვოკატებმა არჩევნების ჩატარებამდე გადაწყვეტილების გამოცხადების გადავადება მოითხოვეს. მოსამართლისადმი მიწერილ წერილში, ადვოკატები წერენ, რომ არჩევნებამდე დაახლოებით 7 კვირით ადრე სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილება არჩევნებში ჩარევას შეიძლება უტოლდებოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG