შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება. მასში გამარჯვებულის ბედს, დიდი ალბათობით, შვიდი ე.წ. მერყევი შტატი გადაწყვეტს. შესაბამისად, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატთა კამპანიები ამ საკვანძო მნიშვნელობის შტატებზე, უმეტესწილად, უფრო დიდ დროს და რესურსს ხარჯავენ და იქ გაცილებით ხშირად ჩადიან.
ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, გეზს ამ კვირაში სწორედ ამ შტატებისკენ იღებენ. წელს გადამწყვეტ შტატებად ითვლება: პენსილვანია, მიჩიგანი, უისკონსინი, არიზონა, ჯორჯია, ნევადა და ჩრდილოეთ კაროლინა.
ორშაბათს, 26 აგვისტოს, ტრამპის გამოსვლას მიჩიგანში ელიან, ეროვნული გვარდიის ასოციაციის შეკრებაზე, შტატის ყველაზე დიდ ქალაქ - დეტროიტში. ამ წლის განმავლობაში, ეს მიჩიგანში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტის უკვე მეშვიდე ვიზიტია. ტრამპმა შტატში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს დემოკრატ ჰილარი კლინტონს მოუგო. მაგრამ, ამის შემდეგ, 2020-ში არჩევნები დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან წააგო.
სამშაბათს, რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ოჰაიოს სენატორი ჯეი დი ვენსი კამპანიას ასევე მიჩიგანში დაიწყებს, მცირე ზომის ქალაქ ბიგ-რეპიდში. ტრამპი კი უისკონსინში გადაინაცვლებს, სადაც ქალაქ ლა-კროსში შეკრებილ ამომრჩევლებს შეხვდება. პარასკევს, ტრამპი პენსილვანიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯონსთაუნში ჩადის, კვირას კი ამერიკის დასავლეთით მდებარე ვაშინგტონის შტატში დაასრულებს.
რაც შეეხება დემოკრატების კამპანიას, ის განსაკუთრებით გააქტიურდება ოთხშაბათს, 28 აგვისტოს. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცთან ერთად, ჰარისი იწყებს ტურს ავტობუსებით და ისინი ჯორჯიის შტატის ბევრ ქალაქს მოივლიან.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კამპანიის ტურის ცენტრალური შეხვედრა ჯორჯიის ქალაქ სავანაში იგეგმება. დემოკრატმა ბაიდენმა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯიაში საკმაოდ მცირე უპირატესობით მოიგო. ეს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მეშვიდე ვიზიტი იქნება ამერიკის სამხრეთში მდებარე ამ შტატში და მეორე საკამპანიო შეხვედრა - სავანაში.
ჰარისი ტრამპს ეროვნულ გამოკითხვებში, მცირე უპირატესობით, ჯერ კიდევ წინა კვირაში გამართულ დემოკრატთა ეროვნულ ყრილობამდე უსწრებდა. ვარაუდობენ, რომ ყრილობის შემდეგ, ის დროებით კიდევ უფრო დაწინაურდება. ამ ეტაპზე, ვიდრე ყრილობის შემდგომი შედეგები შეჯამდება, ბოლო გამოკითხვათა საშუალო მაჩვენებლით, ჰარისი ტრამპს 2-3 პროცენტით უსწრებს.
ჰარისის კამპანიამ, კვირას, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნებისთვის $540 მილიონის მობილიზება შეძლო. აქედან, 82 მილიონი გასულ კვირას გამართულ პარტიის ოთხდღიან ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე შეგროვდა. თანხის დიდი ნაწილის გახარჯვას დემოკრატთა საპრეზიდენტო კამპანია რეკლამებში გეგმავს. მნიშვნელოვანი თანხების მობლიზაციაა ტრამპის რესპუბლიკურ პარტიაშიც, სადაც აგვისტოს დასაწყისის მონაცემებით, 327 მილიონი იყო მობილიზებული.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დანიშნული, მაგრამ ამერიკის ზოგიერთ შტატში ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. პრეზიდენტის გარდა, ამერიკა ასევე ირჩევს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 წევრს და სენატში - 33 სენატორს, სულ - 468 კანონმდებელს.
არჩევნების წინ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკური უმრავლესობა აკონტროლებს. დემოკრატები და დამოუკიდებლები, რომლებიც კენჭისყრაში მხარს უმეტესად დემოკრატებს უჭერენ, უმრავლესობას ამერიკის სენატში ფლობენ. 5 ნოემბერს, ამერიკის ბევრ შტატში ადგილობრივი არჩევნებიც იმართება და ბიულეტენზე ასევე იქნებიან კანდიდატები, შტატის მართვისთვის მნიშვნელოვან თანამდებობათა დასაკავებლად.
Facebook Forum