ამერიკაში კორონავირუსის მსხვერლისთვის პატივის მისაგებად დროშები სამი დღით დაშვებული იქნება

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ შენობებზე სამი დღით დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ამერიკელებისთვის პატივის მისაგებად.

ეს გადაწყვეტილება მან ხუთშაბათს ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც ასევე დასძინა, რომ დროშები დაშვებული იქნება ორშაბათსაც, როცა შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღე აღინიშნება. ორშაბათს დროშების დაშვებით ამერიკა პატივს მიაგებს ყველა დაღუპულ ჯარისკაცს.

ამ ფონზე მიჩიგანის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტრამპი შტატში შეიძლება აღარ მიიწვიონ, თუ ის პირბადის ტარებაზე კვლავ უარს განაცხადებს. ხუთშაბათს პრეზიდენტი ტრამპი „ფორდის“ ქარხანას ეწვია, სადაც მანქანების ნაცვლად პანდემიის პერიოდში სასუნთქ აპარატებს ამზადებენ.

„ფორდის“ ქარხნის დათვალიერების დროს ყველა ადამიანს პირბადე ეკეთა, რადგან ეს შტატის გუბერნატორის დაწესებული რეგულაციაა. პრეზიდენტი ტრამპი ნიღბის ტარებაზე თავიდანვე უარს აცხადებს.