ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიჩიგანის შტატი კაშხლის მფლობელის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს


მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჰენ უიტმერი ამბობს, რომ შტატი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმ ერთ-ერთი კაშხლის მფლობელების წინააღმდეგ, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში წყალდიდობას ვერ გაუძლო.

ქალაქ მიდლენდის ცენტრიდან 10 000-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია მოხდა და ისინი უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაიყვანეს. ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ედენვილის კაშხალმა რამდენიმედღიან წვიმებს ვერ გაუძლო და გაირღვა, მდინარე ტიტაბავასი ნაპირებზე გადავიდა და სერიოზული დატბორვა გამოიწვია.

მიჩიგანში ათასობით ადამიანის ევაკუაცია ხდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოთხშაბათ საღამოს მდინარის წყლის სიმაღლემ ზოგიერთ ნაწილში 10 მეტრს გადააჭარბა.

მოსახლეობის მასობრივ ევაკუაციას ართულებს კოვიდ-19-ის გავრცელების შიშიც. მართალია, მიდლენდის ოლქში ამ დრომდე 80 დადასტურებულ შემთხვევაზე ნაკლებია და 10 ადამიანზე ნაკლებია გარდაცვლილი, მაგრამ მიჩიგანის შტატში ინფიცირებულთა რაოდენობა 52 ათასს აჭარბებს.

ქალაქ მიდლენდში ასევე მდებარეობს ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიის, "დოუ ქემიკალსის" სათავო ოფისი და მთავარი მწარმოებელი სადგურიც. კომპანიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მათ ყველა განყოფილება დაკეტეს გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ქიმიკატების უსაფრთხოდ შენახვაზეა პასუხისმგებელი. თუმცა მისი განმარტებითვე, წყალი უკვე ერევა თხევადი ნარჩენების რეზერვუარებს.

კომპანია აცხადებს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისა და გარემოსთვის საშიშროება არ არსებობს.

2018 წელს ამერიკის ენერგეტიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა კომისიამ 96 წლის ედენვილის ჰიდროელექტროსადგურს ლიცენზია ჩამოართვა. ამის მიზეზი კაშხლის მფლობელის, "ბოის-ჰიდროს" მიერ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტრუქტურული ნაკლოვანებების იგნორირება იყო. მათ შორის ისიც, რომ კაშხალს არ შეეძლო ჭარბი ნალექის შემთხვევაში გადაღვრილი წყლის მოცულობის გაზრდა.

ამავე წელს კომისიამ დამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა მეორე, სენდფორდის კაშხალს, რომელიც ედენვილის კაშხლიდან მდინარის დინების ქვედა ნაწილში მდებარეობს და რომელმაც ამ კვირაში ასევე ვერ გაუძლო დატვირთვას.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მიჩიგანის გუბერნატორს კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის ხშირად აკრიტიკებდა, ხუთშაბათს შტატში, ავტომწარმოებელ კომპანია "ფორდში" გეგმავს ვიზიტს. გუშინ კი მოსახლეობას "ტვიტერზე" მიმართა და მოუწოდა, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG