იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემიაზე ამერიკის პასუხი, პარტიული კუთვნილების მიხედვით განსხვავდება, შესაძლოა ამის მიზეზის გაგება სააგენტო “როიტერის” ანალიზმა გააადვილოს. დემოკრატების უბნებში სიკვდილობა სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე რესპუბლიკურ უბნებში.
ოთხშაბათისთვის, შეერთებული შტატების იმ საგრაფოებმა, რომლებმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჰილარი კლინტონს მისცეს, დემოგრაფიული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების ანალიზის თანახმად, ყოველ 100 ათას მცხოვრებზე გარდაცვალების 39 შემთხვევა აღრიცხეს.
იმ საგრაფოებში, რომლებმაც ხმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მისცეს, ყოველ 100 ათას მცხოვრებზე, ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
არათანაბარი განაწილება ასახავს იმ არაპროპორციულ ზიანს, რომელიც ინფექციურმა დაავადებამ მჭიდროდ დასახლებულ, დემოკრატების მომხრე ისეთ ქალაქებს მიაყენა, როგორიცაა ნიუ-იორკი. სოფლებს და გარეუბნებს, რომლებიც როგორც წესი, მხარს რესპუბლიკელებს უჭერენ, ასეთი დარტყმა განუცდია.
ასეთი სურათი, ვირუსის აფეთქების ეპიცენტრის - ნიუ-იორკის მიღმაც შენარჩუნდა. ამერიკის 50 შტატიდან 36 შტატში, დემოკრატიულმა საგრაფოებმა, ერთობლივად, სიკვდილობის უფრო მაღალი დონე აღრიცხეს, ვიდრე რესპუბლიკურმა საგრაფოებმა.
მერილენდის შტატში, სადაც დაავადებამ 2 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვაშინგტონის დემოკრატიული გარეუბნებში სიკვდილობის დონე 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აპალაჩის მთების კონსერვატიულ საგრაფოებში.
კანზასის შტატში, სადაც სიკვდილის 152 შემთხვევა აღირიცხა, სიკვდილობის დონე 7-ჯერ უფრო მაღალია იმ საგრაფოებში, რომლებმაც მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირეს, ვიდრე მთელ დანარჩენ შტატში.
არის გამონაკლისებიც. რესპუბლიკურმა საგრაფოებმა სიკვდილობის უფრო მაღალი დონე აჩვენეს დელავერში, ნებრასკაში და სამხრეთ დაკოტაში, სადაც ხორცის დამფასოებელ ქარხნებში დაავადება სწრაფად გავრცელდა.
რესპუბლიკურმა საგრაფოებმა უფრო ძლიერი დარტყმა მიიღეს მონტანაში, ნიუ-ჰემპშირში, ნიუ-მექსიკოში, ჩრდილოეთ დაკოტაში და ტეხასში, სადაც სიკვდილობის დონე, საერთო ეროვნულ დონესთან შედარებით, ბევრად დაბალია.
პარტიული პოზიცია გეოგრაფიულ დაყოფას ასახავს.
“როიტერ/იპსოს”-ის გამოკითხვამ, რომელშიც 1115 მოზრდილი ამერიკელი მონაწილეობდა და ორშაბათს და სამშაბათს ჩატარდა, აღმოაჩინა, რომ ვირუსის საკითხით დემოკრატების თითქმის ნახევარი “ძალიან შეშფოთებული” იყო, რესპუბლიკელებში კი ეს რიცხვი ერთ მესამედს შეადგენდა.
სხვა გამოკითხვებმა აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკელებს უფრო მეტად სურთ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად დაწესდა. შეერთებული შტატები გარდაცვალების 92 ათასი და ინფიცირების 1.54 მილიონი შემთხვევით მსოფლიოს ლიდერია.
ყველაზე მკვეთრი კონტრასტი გამოიკვეთა მიჩიგანში, სადაც დეტროიტის საავადმყოფოს პარკინგზე გაჩერებულ ავტო-რეფრიჟერატორებში (მაცივრებში) ცხედრები ინახებოდა, შტატის კაპიტოლიუმთან კი შეიარაღებული ადამიანები ბიზნესის შეზღუდვების გამო პროტესტს აწყობდნენ. რამდენიმე რესპუბლიკური საგრაფოს შერიფმა განაცხადა, რომ დემოკრატ გუბერნატორ, გრეტჩენ ვითმერის მიერ შემოღებული წესების დაუმორჩილებლობისთვის, ბიზნესებს არ დასჯიდა.
ტრამპი, რომელმაც მიჩიგანში მცირე უპრატესობით გაიმარჯვა, შტატში ჩასვლას გეგმავს. ის ვითმერზე შეზღუდვების მოსახსნელად წნეხს ახორციელებდა, იმ იმედით, რომ ნოემბრის არჩევნებამდე ეკონომიკა აღდგენას შეძლებს.
მიჩიგანის იმ საგრაფოებში, რომლებმაც 2016 წლის არჩევნებში მხარი კლინტონს დაუჭირეს, ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 79 გარდაცვალება, ტრამპის მხარდამჭერ საგრაფოებში კი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 25 შემთხვევა აღირიცხა.
რესპუბლიკელმა საზოგადოებრივი აზრის გამომკითხველმა სტივ მიტჩელმა თქვა, რომ ამომრჩევლები პარტიული ნიშნით მკვეთრად არიან დაყოფილი. დემოკრატები შიშობენ, რომ დაავადდებიან, რესპუბლიკელებს კი უფრო მეტად ეკონომიკური ზიანი აშფოთებს, რომელიც ეროვნული მასშტაბით ჩაკეტვამ გამოიწვია და რამაც უმუშევრობის დონე მკვეთრად გაზარდა. მან თქვა: “ისინი თავის უბნებში შემთხვევების დიდ რაოდენობას არ ხედავენ და უკვირთ, თუ მათ რატომ ექცევიან ისევე, როგორც ქალაქ დეტროიტს.”
კონსერვატიულმა აქტივისტმა მიშელ გრეგორმა თქვა, რომ კოორონავირუსის თვიდან ასარიდებლად ადამიანებმა ცხოვრების წესი არ უნდა შეიცვალონ და იზოლირებულ ბუშტში ცხოვრება შეუძლებელია.
შტატის დემოკრატმა წარმომადგენელმა ლესლი ლავმა, რომლის ოლქი დეტროიტის ნაწილსაც მოიცავს, თქვა, რომ ასეთმა პარტიულმა დაყოფამ, ადრინდელ პრობლემებზე შტატის საპასუხო ქმედებები გაახსენა, როგორიც იყო კრეკ-კოკაინი და ავტო-დაზღვევის მაღალი ფასები, რომელმაც ყველაზე ძლიერად შავკანიანთა უბნებს დაარტყა. ლესლი ლავმა თქვა:
“ეს იგივე სახის გათიშულობაა, თუ ჩემს თავს არ ხდება, თუ ჩემს ეზოში არ ხდება, მაშინ ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი. თუმცა ეს თქვენი პრობლემა გახდება.”
Facebook Forum