ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრაზე, ნატოს გაკრიტიკებისას, გერმანია რუსეთის ეკონომიკურ „მძევლობაში“ დაადანაშაულა. დღეს, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ საუზმეზე დონალდ ტრამპმა ალიანსის ყველაზე მდიდარი ევროპელი წევრი გააკრიტიკა იმისთვის, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომს“ საკუთარ წყლებში ნორდ-სტრიმ -2 მილსადენის გაყვანის უფლებას აძლევს.
„გერმანია მიდის და რუსეთს ყოველწლიურად მილიარდებს უხდის... როგორ უნდა დაუდგე გვერდში ქვეყანას, რომელიც ენერგორესურსებს იღებს იმ ქვეყნისგან, ვისგანაც უნდა დაიცვა“? შეერთებული შტატების ლიდერი თვლის, რომ „ნატომ ამ ამბავს უნდა გადახედოს“.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ბრიუსელში მოგვიანებით ჩავიდა, აღნიშნა, რომ საბჭოთა კონტროლის ქვეშ ცხოვრება მისთვის ბავშვობიდან კარგად არის ნაცნობი. თუმცა, მისი თქმით, ენერგორესურსებზე შეთანხმება ბერლინს 21-ე საუკუნეში მოსკოვზე დამოკიდებულს ვერ გახდის.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თავისუფლებამ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან გაგვაერთიანა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება გვაქვს“ - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.
„რუსეთიდან გერმანიაში გამავალ მილსადენზე მოკავშირეები ვერ თანხმდებიან... მაგრამ ნატოს სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ასეთი უთანხმოებების მიუხედავად, ჩვენ მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანებას ყოველთვის ვახერხებთ, რათა დავიცვათ ერთმანეთი. იმიტომ, რომ ვიცით, ძალა ერთობაშია და არა განცალკევებაში“ - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგი სიტუაციის დაბალანსებას და 29 წევრისგან შემდგარი ალიანსის სიმტკიცის შენარჩუნებას ცდილობს. „ჩემი მთავარი მიზანია ერთობა შევინარჩუნოთ და ამას საერთო ინტერესების, ნიადაგის მოძებნის საშუალებით ვაკეთებ“ - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.