პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი, რომლის საქმიან გარიგებებსაც გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს, როგორც ჩანს სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა "ფოქს ნიუსის" წამყვან შონ ჰანიტის. ის ამერიკულ მედიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის ოფისი გაჩხრიკა. ასევე მისი სასტუმროს ნომერი როკფელერის ცენტრში, სადაც ის დროებით ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერის და სატელეფონო მონაცემები, რომელთა შორის ადვოკატს და მის კლიენტებს შორის კომუნიკაციაც არის. კოენი საბანკო მანიპულაციებშია ეჭვმიტანილი.
კოენის ადვოკატების მტკიცებით, დოკუმენტების ნაწილი არ არის ამ კონკრეტული გამოძიების საგანი და ისინი დაცული უნდა იყოს. თუმცა გარკვეული დოკუმენტაციით გამოძიება მაინც დაინტერესდა. კოენის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ბოლო დროს მისი ერთადერთი კლიენტი არ იყო და ის ასევე უწევდა კონსულტაციებს რესპუბლიკური პარტიისთვის ფინანსების მოძიების სპეციალისტ ელიოტ ბროიდის და მესამე "ცნობილ პირს", რომლის ვინაობის გამხელაც მათ არ სურდათ. თუმცა მოგვიანებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მესამე პირის ვინაობაც ცნობილი გახდა.
ჰანიტიმ კოენთან ურთიერთობაზე საუბრისას თქვა, რომ მასთან მინიმალური კავშირი ჰქონდა, არასდროს გადაუხდია მისთვის მომსახურების საფასური კონკრეტული საქმისთვის, რომ კოენი მის ინტერესებს არც ერთ საქმეში არ იცავდა და მისგან მხოლოდ მცირე სამართლებრივი რჩევები აქვს მიღებული.
სპეციალური გამომძიებელი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და კრემლთან ტრამპის კამპანიის სავარაუდო კავშირებს იძიებს. გამოძიებას პრეზიდენტთან საუბარიც სურს, თუმცა, ის ჯერჯერობით არ შემდგარა. ტრამპი რუსეთთან მისი საარჩევნო კამპანიის კავშირებს უაყროფს და მიმდინარე გამოძიებას “კუდიანებზე ნადირობად” აფასებს.