შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დრამის მონაწილეებს, წინ სამდღიანი შესვენება აქვთ. უქმეების შემდეგ, ორშაბათს, ამერიკაში ეროვნული დღესასწაულია: მარტინ ლუთერ კინგის დღე.
სენატმა ტრამპს გამოძახება ხუთშაბათს გაუგზავნა და წერილობითი პასუხისთვის ვადა შაბათამდე მისცა. უწყება მოიცავს სასამართლო გარჩევის და მისთვის წაყენებული ბრალის შესახებ შეატყობინებასაც.
ტრამპის იმპიჩმენტი ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური განხეთქილების და ასევე იმ დროს ხდება, როდესაც დემოკრატები, მათ შორის რამდენიმე სენატორი, ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ რომ კანდიდატი გახდნენ და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს დაუპირისპირდნენ.
სენატში ტრამპის გასამართლების ფორმალურ დაწყებამდე ორი საათით ადრე, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების საზედამხედველო სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ტრამპმა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონი დაარღვია. საუბარია კონგრესის მიერ უკრაინისთვის 391 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერებაზე და იმავდროულად კიევზე ზეწოლაზე, რომ მის სასარგებლოდ გამოძიებები დაეწყოთ.
მოსალოდნელია, რომ იმპიჩმენტის მოსმენები სენატის დარბაზში სამშაბათს, 13 საათზე დაიწყება.