თურქეთის მუქარას ტრამპ-ერდოღანის სატელეფონო საუბარი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რაც ერდოღანის მიერ გაჟღერებულ მუქარას მოჰყვა. ანკარა დაიმუქრა, რომ სირიაში იმ ამერიკული დანაყოფების პოზიციებს დაბომბავდა, რომლებიც ქურთ მებრძოლებს ეხმარებიან.

სატელეფონო ზარის შემდეგ, რომელიც პარასკევს შედგა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ერთმანეთის უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, სირიაში მოქმედებების კოორდინაციას გააკეთებენ.“

თურქეთის მხარემ კი ზარის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტები „შეთანხმდნენ სირიის კონტექსტში უფრო ეფექტური კოორდინაციის საჭიროებაზე.“

ამერიკა სირიაში ქურთების სახალხო დაცვის რაზმებს უწევს დახმარებას, თურქეთი კი მათ ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.