თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ფრანგ, გერმანელ და რუს ლიდერებს დღეს მასპინძლობს. შეხვედრა სირიის სამოქალაქო ომს შეეხება.
სამიტის მიზანი სირიაში ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებაა. ყოფილი თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი ამბობს, რომ ეს სამიტი თურქეთისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევაა.
“ამ სამიტის მასპინძლობა, რომელიც ერთი მხრივ რუსეთს, ასტანის [მოლაპარაკებების პროცესის] პარტნიორს და მეორე მხრივ ნატოს წევრებს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს, პრეზიდენტი ერდოღანისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა”, - ამბობს ის.
სტამბოლის სამიტი გასულ თვეს სოჭში მიღწეული შეთანხმების შედეგია, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა და იდლიბის პროვინციაზე სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
იდლიბი ბოლო წერტილია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ბერლინის და პარიზის მონაწილეობა იმითაა განპირობებული, რომ ამ დრომდე შეთანხმება არ დარღვეულა. ეს მათ აფიქრებინებთ, რომ რუსეთი მზადაა დათქმული პირობის შესასრულებლად.
მოსკოვის განცხადებით, იდლიბის გარშემო მიღწეული შეთანხმება სრულდება და ანკარა შეთანხმებას საკუთარ მხარეს ასრულებს. შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა აიღო პასუხისმგებლობა პროვინციის დემილიტარიზებული ზონიდან რადიკალური ჯგუფების უკან დახევასა და მათ მიერ მძიმე არტილერიის ჩაბარებაზე.
ევროპელი ლიდერები სტამბოლში
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი სამიტს იდლიბის გარშემო შეთანხმების შენარჩუნებისთვის გამოიყენებენ.
იდლიბში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია მომწყვდეული. ევროპელი ლიდერები შიშობდნენ, რომ პროვინციაზე თავდასხმას შესაძლოა კონტინენტზე ლტოლვილთა ახალი ტალღა მოჰყვეს.
მიმომხილველთა შეფასებით, სამიტში საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის ლიდერის მიზანი მოსკოვის დაბალანსებაა ანკარის ხელით. მოსკოვი სირიაში ასადის სამთავრობო ძალების მთავარი მხარდამჭერია.
“ფაქტი, რომ სამიტი სტამბოლში იმართება სიმბოლურია, რადგან საფრანგეთი და გერმანია ახალი აქტორები არიან, რომლებიც მასში მონაწილეობას მიიღებენ”, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი ჰუსეინ ბაგჩი ანკარის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. “თურქეთი ძალების დამბალანსებლის როლს თამაშობს ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის. მათი ერთ სივრცეში შეკრება და სირიაზე საუბარი, თურქეთისთვის სწორი ტაქტიკაა”, - ამბობს ის.
ერდოღანი სამიტის განმავლობაში პრეზიდენტ პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი სირიაში მხარს დაპირისპირებულ მხარეებს უჭერს, თუმცა, მათ შორის ურთიერთობა კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესში გაღრმავდა. ურთიერთობა თურქეთის ნატოს მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს.
სამიტის განსახილველი საკითხი სირიის რეკონსტრუქციაც იქნება. გაეროს მონაცემებით, ქვეყნის რეკონსტრუქციას დაახლოებით 250 მილიარდი დასჭირდება, რის დაფინანსებაშიც ევროპის და განსაკუთრებით, ბერლინის როლი მნიშვნელოვანია.
“ყველამ იცის, რომ ამდენი შესაძლებლობა არც სირიას, არც რუსეთს და არც ირანს არ აქვს”, - ამბობს ყოფილი თურქი დიპლომატი სელჩენი. “ჩინეთი შესაძლოა დაინტერესებული იყოს, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. სირიას ამ თანხას არავინ შესთავაზებს. საჭიროა ევროკავშირის და ამერიკის ფული”, - ამბობს ის.
ამან შესაძლოა, ბერლინს მოლაპარაკებებში ბერკეტი მისცეს, - ამბობს სელჩენი.
“ეს ასეა: თუ ფული გინდა, მოგიწევს შენი კონსტიტუცია ისე გადაწერო, რომ ის უფრო მეტი თანასწორობის გარანტიას იძლეოდეს”, - თქვა მან.
სტამბოლის სამიტზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას ცოტა თუ ელოდება. თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ საფრანგეთის და გერმანიის სამიტში მონაწილეობამ, შესაძლოა, ახალი პროცესის დაწყება განაპირობოს, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს სირიის სამოქალაქო ომს.
Facebook Forum