ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს, ნიუ-ჰემფშირის რესპუბლიკელთა პრაიმერზე (შიდაპარტიულ არჩევნებზე) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ნიკი ჰეილი - ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, აიოვის შტატის კოკუსთან შედარებით ბევრად დაწინაურდა და მასთან ბრძოლის გაგრძელებას ისევ აპირებს.
ხმების 92% პროცენტი უკვე დათვლილია. ამ ეტაპზე 77 წლის ტრამპს ნიუ-ჰემფშირელი რესპუბლიკელებისგან 54.6%-იანი მხარდაჭერა აქვს. 52 წლის ნიკი ჰეილი კი, რომელსაც აიოვის კოკუსში ხმების სულ 19% ჰქონდა, ახლა პარტიის ამომრჩევლის ფავორიტს ბევრად მიუახლოვდა და 43.2%-ით მეორე ადგილს იმტკიცებს.
ჰეილის მხარდაჭერა ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა აიოვის კოკუსის შემდეგ, საპრეზიდენტო მარათონი დატოვა. ჰეილი გაეროში ელჩად ტრამპის ადმინისტრაციის დროს მსახურობდა და ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ პოლიტიკაში ის თავად მოიყვანა.
ასევე ნახეთ: ტრამპმა აიოვის კოკუსზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა„ეს რბოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“, - უთხრა ჰეილიმ თავის მხარდამჭერებს ქალაქ კონკორდში არჩევნების შემდგომ გამართულ ღონისძიებაზე. ჰეილი ამბობს, რომ ის ხასიათით "მებრძოლი" ადამიანია და დანებებას არ აპირებს, მითუმეტეს, რომ "ჩვენ ბოლონი დავრჩით ტრამპის პირისპირ".
ჰეილიმ ყოფილ უფროსს დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ტრამპი ჯერ აქამდე გამართულ რესპუბლიკელთა არცერთ დებატებზე არ მისულა.
მხარდამჭერებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ტრამპმა ჰეილის დასცინა და თქვა, რომ ის ისე საუბრობს, "თითქოს [პრაიმერებზე] მოიგო. მას არ მოუგია, წააგო... მას ძალიან ცუდი ღამე ჰქონდა" - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. ტრამპის ამ მიმართვას წინ უძღოდა მრისხანე განცხადებები სოციალურ ქსელ Truth Social-ში, სადაც ჰეილიზე ამბობდა, რომ მას "მოჩვენებები აქვს, ბოდავს".
შემდეგი შიდაპარტიული არჩევნები სამხრეთ კაროლინის შტატში გაიმართება. ამ კენჭისყრას ჰეილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს მისი მშობლიური შტატია, სადაც ის დაიბადა და გუბერნატორის თანამდებობაზე ორი ვადით იყო არჩეული. თუმცა, გამოკითხვების მიხედვით, შტატის რესპუბლიკელებში იქაც დონალდ ტრამპი ლიდერობს.