ტრამპის 2020 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს გაიხსნება

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ტრამპის მომხრეებმა და მისმა მოწინააღმდეგეებმა თავმოყრა ორშაბათს დილიდან დაიწყეს. დღეს საღამოს, სწორედ აქ გახსნის ხელმეორე საპრეზიდენტო კამპანიას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება.

მომხრეები აცხადებენ, რომ ტრამპის ეკონომიკური და საიმიგრაციო პოლიტიკა მოსწონთ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ქალაქ მაიამიდან ორლანდოსკენ მომავალი ოპონენტების მთელი ქარავანი ჯერ კიდევ გზაშია. ტრამპის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ორლანდოში 5 საათზე იგეგმება. ის წინ უსწრებს მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნას.

საარჩევნო კოლეგიის 29 ხმით, ფლორიდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატია. 29 ხმა აქვს ნიუ-იორკის შტატსაც. ამ ორ შტატზე მეტი ხმა ამერიკის მხოლოდ ორ შტატს ეკუთვნის: ტეხასს - 38 და კალიფორნიას - 55. შტატების უმრავლესობას (და კოლუმბიის ოლქს) საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთნიშნა ციფრებით აქვს განსაზღვრული.