ოთხშაბათს, სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა არ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, შეუშალა თუ არა ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიებას, რასაც დემოკრატების მხრიდან ტრამპის წინააღმდეგ დამატებით გამოძიების და იმპიჩმენტის მოთხოვნა მოჰყვა.
„ჩვენ მივიღებთ ზომებს, რათა პრეზიდენტმა პასუხი აგოს“, - განაცხადა კონგრესმენმა ჯეროლდ ნადლერმა, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, ყველა ვარიანტი განიხილება“, - თქვა მან.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის კი უფრო შუალედური პოზიცია ეკავა. ის იმპიჩმენტს, კონგრესში, ტრამპის საქმიანობის გამოძიებას არჩევს.
მაგრამ მალერის განცხადების შემდეგ, რომ „ჩვენ დარწმუნებული რომ ვყოფილიყავით, რომ პრეზიდენტს ნამდვილად არ ჩაუდენია დანაშაული, ასეც ვიტყოდი“,პელოსიმ განსხვავებული პოზიცია დაიკავა.
"[კონგრესისთვის] წმინდაა მისი კონსტიტუციური ვალდებულება გამოიძიოს და პასუხი აგებინოს პრეზიდენტს მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის“, - თქვა მან.
რამდენიმე დემოკრატმა, რომლებიც 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში, პრეზიდენტის კანდიდატობისთვის იბრძვიან, ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა გააჟღერა. ასევე, დაახლოებით 40-მდე დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტს მიემხრო. თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, იმპიჩმენტის მოთხოვნა სენატში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სავარაუდოდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
სენატორმა ელიზაბეტ უორენმა, მასაჩუსეტსის შტატიდან, რომელიც ტრამპის აქტიური კრიტიკოსია და დემოკრატების მხარეზე პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, აღნიშნა, რომ „მალერის განცხადება ნათელს ხდის იმას რაც ვინც ანგარიში წაიკითხა იცის: ეს იმპიჩმენტის განხილვისკენ მოუწოდებს, და კონგრესის გადასაწყვეტია მიიღოს ზომები. ისინი ასეც უნდა მოიქცნენ“.
კიდევ ერთმა დემოკრატმა, კამალა ჰარისმა რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაშია ჩართული თქვა, რომ მალერის განცხადებიდან „სამართლიანია დასკვნა“, რომ პრეზიდენტს წაუყენებდნენ ბრალს, რომ არა იუსტიციის დეპარტამენტის ტრადიციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის ბრალდება არ შეიძლება.
ჰარისმა აღნიშნა, რომ კონგრესმა უნდა იმოქმედოს.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა. ეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა“, - თქვა მან.
მისი პოზიცია გაიზიარა სენატორმა კორი ბუკერმა ნიუ-ჯერსიდან.
„რობერტ მალერის განცხადება ნათელს ხდის: კონგრესს აქვს საკანონმდებლო და მორალური ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა მან.
ამის მსგავსად, კონგრესმენმა სეტ მოულტონმა, კიდევ ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლმა დემოკრატმა, კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდა.
„მალერმა საკუთარი საქმე გააკეთა. ახლა დროა ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი. იმპიჩმენტის მოსმენები ხვალვე უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა მან.
თუმცა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რომელიც იმ დემოკრატებს შორის, რომლებიც პრეზიდენტის კანდიდატობისთვის იბრძვიან, ლიდერობს, უფრო შუალედური პოზიცია დაიკავა.
„კონგრესმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის უფლებამოსილებაშია, რომ ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულებაა უზრუნველყოს. ეს არის რასაც კონგრესი აკეთებს და რაც უნდა გააკეთოს: გააგრძელოს გამოძიება“, - თქვა ბაიდენმა.
პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარეს, კონგრესმენმა ჯასტინ ამაშმა, რომელიც ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს, თქვა, რომ „შემდეგი ნაბიჯი კონგრესზეა დამოკიდებული“.
რაც შეეხება თავად პრეზიდენტს, არც მას დაუტოვებია მალერის გამოსვლა რეაქციის გარეშე.
"არაფერი იცვლება მალერის ანგარიშით. არ იყო საკმარისი მტკიცებულება და ამის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. საქმე დახურულია. მადლობა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა საკუთარი განცხადებაში აღნიშნა: „ანგარიში იყო ნათელი - არანაირი გარიგება, არანაირი შეთქმულება - და იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ადგილი არ ქონია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას“.
„ორი წლის შემდეგ, სპეციალური გამომძიებელი ცხოვრებას აგრძელებს, და დანარჩენებიც ასე უნდა მოიქცენ“, - განაცხადა სანდერსმა.
ტრამპის თავდადებულმა მოკავშირეებმა კონგრესში პრეზიდენტს მხარი დაუჭირეს. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ „მალერის დღევანდელი განცხადება ანგარიშის მიგნებებს ადასტურებს“.
„ჩემთვის, საქმე დახურულია. ბატონმა მალერმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრება გააგრძელოს და თავად ანგარიშმა თქვას სათქმელი. კონგრესი მის გზას უნდა გაჰყვეს“, - თქვა გრემმა.
გრემს ეთანხმება წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი დაგ კოლინსი.
„დროა გადავერთოთ გამოძიებიდან და ამერიკელი ხალხისთვის რეალურ საკითხებზე ვფოკუსირდეთ“, - თქვა კოლინსმა.
Facebook Forum