ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელ სენატორებს კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა გააცნო. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები. ტრამპის ამ იდეასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა გაჩნდა როგორც კონგრესის დემოკრატების, ასევე ზოგიერთი რესპუბლიკელის მხრიდან.
თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი, ლარი კადლოუ, რომელიც პრეზიდენტის სენატორებთან შეხვედრას ესწრებოდა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და მთლიანი პაკეტის ღირებულებასაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
პრეზიდენტმა მცირე ბიზნესის წარმოამდგენლებისთვის სესხების გაცემის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ სურს იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, რომელთაც საათობრივი ანაზღაურება აქვთ და მათ არ უნდა დაკარგონ ხელფასი და დაისაჯონ იმის გამო, რაც მათი ბრალი არ არის.
პრეზიდენტის დავალებით, ხაზინის მდივანი, სტივენ მნუჩინი შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის. მნუჩინმა ამ შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა. მისი თქმით, ისინი ორპარტიული პრინციპით იმუშავებენ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რა შეიძლება ყველაზე სწრაფად გაკეთდეს ვირუსით ეკონომიკისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის აღსაკვეთად.