ბრიტანეთის მედიცინის მთავარმა ოფიციალურმა პირმა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდის მოლოდინის დროს, კანონმდებლებისთვის მოკლე საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ ქვეყანა “შეკავების” ფაზიდან, ვირუსის გავრცელების “შენელებისკენ” გადასვლას ახდენს, რათა თავიდან აიცილონ ინფექციის მაღალი პიკები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემის წალეკვა შეეძლება.
თუმცა, მოგვიანებით გაუგებრობა შეიქმნა, როდესაც დაუნინგ სტრიტის ოფიციალურმა პირებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყურადღებას ჯერ კიდევ შეკავებაზე ამახვილებს და არ სურს ნაადრევად გადასვლა გაძლიერებულ ზომებზე, რომელსაც დიდი ეკონომიკური და სოციალური გავლენა ექნება.
მთავარმა მედიკოსმა ქრის ვითიმ გაფრთხილება გამთქვა, რომ კორონავირუსის აფეთქების პიკზე, როდესაც შემთხვევების ნახევარს სამ კვირიან პერიოდში ელიან, შესაძლოა ბრიტანეთის ჯადაცვის ეროვნულ სამსახურს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლები არ ეყოს. მან კანონმდებლებს უთხრა, რომ ახლა გლობალურად ან ბრიტანეთში ვირუსის შეჩერების “ძალიან მცირედან ნოლამდე” შანსი არსებობს.
მან თქვა, რომ პიკს დაახლოებით ორ თვეში ელიან. ბრიტანეთში ახლა ინფექციის 90 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მაგრამ ჯანდაცვის ოფიციალური პირები კერძო საუბრისას ამბობენ, რომ ფიქრობენ აღურიცხავი შემთხვევები შეიძლებაბევრად მეტი იყოს.
იტალიაში 55 წლის მამაკაცის ვირუსით გარდაცვალებამ შეშფოთება გამოიწვია. ამან დაარღვია შაბლონი, რომ ვირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს კლავს. ამ მამაკაცის და ასევე 61 წლის ექიმის გარდაცვალებამ, რომლებსაც რაიმე სხვა სერიოზული დაავადება არ ჰქონდათ, ეს შაბლონი დაამსხვრია.
ავსტრალიაში ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. სიდნეიში, ხანდაზმულთა სახლში, 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გასულ უქმეებზე, ქალაქ პერტში 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კრუიზის გემ ”დაიმონდ პრინცესის” მგზავრი იყო. ბოლო დღეებში, ავსტრალიაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ავსტრალიის მთავარმა მედიკოსმა, პროფესორმა ბრენდან მერფიმ, კანბერაში საპარლამენტო მოსმენაზე თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 80 პროცენტს “იმდენად მსუბუქი სიმპტომები აქვს, რომ ისინი ამას თითქმის ვერ ამჩნევენ და ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება.”
ავსტრალიელებს დაჟინებით მოუწოდებენ, დაავადების გავრცელების შიშით საოჯახო საქონლის პანიკური შესყიდვა შეწყვიტონ. მთავრობის მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების მიუხედავად, სუპერმარკეტების თაროებიდან ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები და ხელის სადეზინფექციიო საშუალებები გაქრა. ასევე დიდი მოთხოვნაა ბრინჯზე, გაყინულ საკვებზე და ცხოველის საკვებზე.