შეერთებული შტატების კონგრესში დღეს სავარაუდოდ დაამტკიცებენ ზომას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისკენაა მიმართული. დემოკრატებმა კანონპროექტი მას შემდეგ მოამზადეს, რაც 15 თებერვალს, პრეზიდენტმა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტრამპმა კონგრესთან 2019 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შეძლო, რომელშიც თავისი წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის თანხების გათვალისწინება სურდა. პრეზიდენტი კონგრესისგან $5.7 მილიარდს ითხოვდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ 1.4 მილიარდი მიიღო. საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ კი მას ხელი მიუწვდება ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული.
დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილიც აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში საკუთარ უფლებებს აჭარბებს და კონგრესის მიერ ბიუჯეტის განაწილების უფლებამოსილებაში ერევა. რადგან დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი დღესვე დამტკიცდება.
თუ ის რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც მიიღო, კანონპროექტი ხელმოსაწერად ისევ პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში, დონალდ ტრამპი სავარაუდოდ, ვეტოს უფლებას გამოიყენებს და დემოკრატთა ინიციატივას ჩაშლის.
საბოლოოდ, კონგრესს კვლავ ექნება შანსი, პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. თუმცა, ამის ალბათობა შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატთა და რესპუბლიკელთა დღევანდელი განლაგებით, ნაკლებად არსებობს.