„ქვეყნის გამანადგურებელი“,- ტრამპი კამალა ჰარისზე

„როცა თეთრ სახლში დავბრუნდები აღმშენებლობა პენსილვანიიდან დაიწყება“, - ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის პარალელურად, ე.წ. მერყევ შტატებში ვიზიტები დაიწყო. 19 აგვისტოს ის პენსილვანიაში ჩავიდა და ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა.

„ძალიან მარტივად, კამალა ჰარისი არის ეკონომიკის დამღუპველი და ქვეყნის დამანგრეველი. ჩვენი ქვეყანა განადგურდება, თუ ის გაიმარჯვებს. მისმა რადიკალურმა ლიბერალურმა დღის წესრიგმა დაანგრია სან-ფრანცისკო. მან გაანადგურა კალიფორნია, როდესაც გენერალური პროკურორი იყო. გაანადგურა საშუალო კლასი, გაანადგურა ჩვენი საზღვრები, ქაოსი გამოიწვია“, - თქვა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპის კამპანიისთვის ეს კვირა ყველაზე დატვირთული იქნება, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ჯო ბაიდენთან შედარებით კამალა ჰარისს შეუძლია უფრო ენერგიული კონკურენცია გაუწიოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს.

ამერიკული მედიის ნაწილი წერს, რომ მოკავშირეები ტრამპს მოუწოდებენ გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, რომლებშიც მას აშკარა უპირატესობა აქვს კამალა ჰარისთან მიმართებით, იქნება ეს - ეკონომიკა, უსაფრთხოება, საზღვრის დაცვა თუ დანაშაულის სტატისტიკა.

ასევე ნახეთ: დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა

„თუ გაქვთ პოლიტიკასთან დაკავშირებული დებატები პრეზიდენტობისთვის, ის [ტრამპი] გაიმარჯვებს. დონალდ ტრამპმა - პროვოკატორმა, შოუმენმა კი შეიძლება ვერ მოიგოს ეს არჩევნები“, - ამბობს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ტელეკომპანია „ენბისისთან“ საუბრის დროს.

დონალდ ტრამპისგან ამომრჩევლის ნაწილი ითხოვს, რომ შეწყვიტოს თავდასხმები ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისზე და მთავარი აქცენტი გააკეთოს იმაზე, თუ რას აპირებს პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ შეამცირებს ინფლაციას, გააუმჯობესებს ეკონომიკას და გადაჭრის საზღვრის უსაფრთხოების პრობლემას.

„უნდა შეწყვიტოს პირადი თავდასხმები. იყოს ფრთხილი, როცა საუბრობს“, - ამბობს 75 წლის მერი რეი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერია.

ამომრჩეველთა ნაწილი ასევე მოუწოდებს ტრამპს მასშტაბურ ღონისძიებებთან ერთად, გააგრძელოს ადამიანთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებიც.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან მიმართებით ამერიკის ბევრ შტატში ლიდერობდა, მათ შორის მერყევ შტატებშიც. ტრამპი ბაიდენს უსწრებდა ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ კვლევებშიც. თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი გახდა, დემოკრატიული პარტიის მაჩვენებლები ზოგ შტატში გაუმჯობესდა. ჰარისმა ზოგან ტრამპთან სხვაობა შეამცირა, ზოგან კი დაწინაურდა კიდეც.

Your browser doesn’t support HTML5

წინასაარჩევნო რეიტინგები აშშ-ში

ანალოგიური შედეგებია ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვებშიც. „სი-ბი-ეს“ ნიუსის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ადამიანთა 51% კამალა ჰარისს, დონალდ ტრამპს კი - 48% უჭერს მხარს. გამოკითხვა ჩაატარა „ფოქს ნიუსმაც“. ამ კვლევის მიხედვით დონალდ ტრამპს ხმების 51% აქვს, კამალა ჰარისს - 49%.