კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, რომელსაც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ევროპის და ცენტრალური აზიის 42 ქვეყანაში ატარებს, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც.აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია.
ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით, როდესაც კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევა გამოქვეყნდა, მაშინ გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობდა რომ ქრთამი გადაიხადა. რაც შეეხება მთლიან მოსახლეობაში მათ წილს, ვისაც ბოლო 12 თვის მანძილზე ქრთამის გადახდა მოუწია, საქართველოში ეს წილი 4%-ს შეადგენს.
წლევანდელი ანგარიშისთვის სულ 60 000 მოქალაქე გამოიკითხა. მათ შორის საქართველოს 1508 მოქალაქე იყო. გამოკითხულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილებაზე ეკითხებოდნენ.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მესამე ადამიანი, კორუფციას მთავარ პრობლემებს შორის ასახელებს. ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12 % ასახელებს.
ამ მაჩვენებლის სიმცირითსაქართველო კვლევის ფარგლებში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილს იკავებს გერმანიის (2%), შვედეთის (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. მეზობელ ქვეყნებში ამავე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: აზერბაიჯანში მოქალაქეთა 21% ასახელებს კორუფციას ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის, თურქეთში - 22%, სომხეთში - 37%, რუსეთში - 39%. რეგიონის ქვეყნებიდან ასევე აღსანიშნავია უკრაინა (56%) და მოლდოვა (67%).
საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდის მაღალი მაჩვენებელი აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს. აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ყოველი ხუთიდან ორ ოჯახს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუხდა. ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს ტაჯიკეთში. საქართველოს 7%-იანი მაჩვენებელი, ევროპის კავშირის ქვეყნებს პოლონეთს და იტალიას უთანაბრდება. საუკეთესო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთს აქვს (0%), შემდეგ მოდის შვედეთი (1%) და კვიპროსი (2%). ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - 29% აქვს რუმინეთს.
ყოველი ხუთი გამოკითხულიდან სამს სჯერა, რომ მთავრობები მდიდარი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან. მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და რომ ამგვარი ქცევის პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება. მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია.
გლობალური ბარომეტრის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტარები უმეტესწილად ან მთლიანად კორუმპირებულნი არიან.
53 % მიიჩნევს, რომ მთავრობები კორუფციას სათანადოდ არ უმკლავდება, მხოლოდ 23%-ია კმაყოფილი მთავრობების ძალისხმევით. გლობალურ მაჩვენებელთან ახლოსაა საქართველოს შედეგიც, სადაც გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა,
ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება; მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება
საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.