ერაყის სარდლობა ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარებისთვის მზად არის

ერაყელი ჯარისკაცი ბაღდადის სამხრეთით მდებარე ბაზაზე წვრთნას გადის

ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების ფონზე სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვები იმის თაობაზე თუ რამდენად მზად არის ერაყის ჯარი ამ გამოწვევისთვის

ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების ფონზე სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვები იმის თაობაზე თუ რამდენად მზად არის ერაყის ჯარი ამ გამოწვევისთვის. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყის საჯარისო ნაწილებს 2004 წლიდან ამზადებენ.

ერაყის არმიის ჯარისკაცები ბაღდადის სამხრეთით მდებარე ბაზაზე წვრთნას გადიან. ერაყში დარჩენილი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ექვსი „დამხმარე და საკონსულტაციო“ ბრიგადა მომდევნო წლის მანძილზე ძირითადად ერაყის საჯარისო ნაწილების მომზადებით იქნება დაკავებული.

ამერიკელი მრჩევლები ერაყელებს კონსულტაციებს გაუწევენ და გაწვრთნიან. ამას გარდა ისინი მათ სათვალთვალო აღჭურვილობას გადასცემენ და საჰაერო დახმარებას მიაწვდიან. მაგრამ პოლკოვნიკი ჯო კორსიტო აღნიშნავს, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები ამჟამად სიტუაციას მთლიანად აკონტროლებენ.

„მათ განსაზღვრული მისია აქვთ და ისინი მას პირნათლად ასრულებენ. ჩვენ მათ მხოლოდ ხელს ვუწყობთ. ჩვენ მათ იმ ელემენტებით ვეხმარებით, რომელიც ერაყის არმიას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია,“ აღნიშნა კორსიტომ.

შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე რაკეტებისა და ნაღმტრყორცნების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების რიცხვი აშკარად გაიზარდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ შიიტების გასამხედროებული ჯგუფი ახლახან ერაყში ირანიდან დაბრუნდა, სადაც ჯგუფის წევრები წვრთნას გადიოდნენ.

მაგრამ გენერალი რალფ ბეიკერი აღნიშნავს, რომ ძალადობის ტალღა ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ნაწილობრივ გაყვანას არ უკავშირდება.

„ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება რადგან ბოლო ცხრა თვის ან წელიწადის მანძილზე ბაღდადის პროვინციაში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მეამბოხეების ან ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ ცალმხრივ საბრძოლო ოპერაციებში აქტიურად ჩართულები არ იყვნენ. ჩვენ თანამიმდევრულად ვამზადებთ და ვეხმარებით ერაყის სამხედრო ძალებს და საბრძოლო ოპერაციებს სწორედ ერაყელები ახორციელებენ,“ აღნიშნა გენერალმა ბეიკერმა.

ამერიკელი სამხედრო მრჩევლების უმრავლესობა დამხმარე როლში ერაყში უკვე მეორედ ან მესამედ მსახურობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ერაყის არმიის საბრძოლო უნარი და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ერაყში დისლოცირებული ამერიკელი სარდლობა დარწმუნებულია, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები მეამბოხეებს გაუმკლავდებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლოდროინდელ თავდასხმებში მონაწილე პირები უკვე დააკვეს. მართალია წინ კიდევ ბევრი სამუშაო დარჩა ჩასატარებელი, ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ არმიის ჩამოყალიბება მოკლევადიანი ამოცანა როდია.