ვირჯინიის საგუბერნატორო არჩევნები, აშშ-ის არჩევნების წამყვანი თემა გახდა

სამშაბათს, ვირჯინიის შტატის ამომრჩევლები გუბერნატორს აირჩევენ. მოულოდნელად, საარჩევნო რბოლა თანაბარი აღმოჩნდა, რაც ეროვნული მასშტაბით, რესპუბლიკელებისთვისაც და დემოკრატებისთვისაც, მომავალი წლის კონგრესის არჩევნებზე დიდ გავლენას იქონიებს.

ტერი მაკოლიფმა, დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რომელიც 2014-დან 2018 წლამდე შტატის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, ბოლო კვირებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელ ბიზნესმენ გლენ იანგკინთან უპირატესობა დაკარგა.

ასევე ნახეთ: ვირჯინიის შტატი რიჩმონდში კონფედერატი გენერლის ძეგლს იღებს

მაკოლიფის წაგება ვირჯინიაში, სადაც გასულ წელს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორნიშნა უპირატესობით მოუგო, შესაძლოა დემოკრატებისთვის ეროვნული მასშტაბით განგაშის ზარების ჩამოკვრა აღმოჩნდეს.

საგუბერნატორო რბოლაში კულტურული საკითხები დომინირებდა. იანგკინი პირობას დებს, რომ საჯარო სკოლებში რასობრივი საკითხის, სქესის და „კოვიდ-19“ პროტოკოლების მართვის კუთხით, მშობლებს მეტ კონტროლს მისცემს. მაკოლიფი კი ამბობს, რომ საარჩევნო უფლებებს და აბორტების ხელმისაწვდომობას დაიცავს.

არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ იანგკინის წარმატება დამოუკიდებელი ამომრჩევლების მისკენ გადახრას უკავშირდება.

არჩევნებში გამარჯვებული გუბერნატორის თანამდებობას დემოკრატ რალფ ნორთამისგან გადაიბარებს, რომელსაც ვირჯინიის უნიკალური, ვადების შეზღუდვის კანონის თანახმად, თანამდებობის ზედიზედ ორი ვადით დაკავება ეკრძალება.