ტყიბული: კუდ-ის როლი პოლიტიკურ პროცესში

ტყიბული

ტყიბულში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე აპირებს საჯარო გახადოს ის ფარული ჩანაწერები, სადაც, მისივე თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ.

ფარულ ჩანაწერში, ტყიბულში კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კობა შარვაძე თანამშრომლებს - მოქმედი ხელისუფლების ოპონენტებზე თვათვალის განახორციელებას ავალებს.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მისი კამპანიის წევრებზე მუდმივად ხორციელდებოდა თვალთვალი, კუდ-ის თანამშრომლები მის ავტომობილსა და მხარდამჭერებს მუდმივად აფიქსირებდნენ, როგორც ფოტო, ისე ვიდეო საშუალებების გამოყენებით.

ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, რომელიც პოლიტიკაში ცდის ძალებს ვარაუდობს, რომ პროვოკაცია მისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით დაიგეგმა

„მე მქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი IRI-ისა და NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებლებთან დასავლეთ საქართველოში, რომლებიც მეწვივნენ შტაბში და ტყიბულში არსებული მდგომარეობით და ჩემთან დაკავშირებული საფრთხეებით დაინტერესდნენ. ასევე ვესაუბრე საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, რომელიც მაქსიმალურ თანადგომას გამოთქვამს ჩვენს მიმართ.

კუდ-ში იყო დაგეგმილი ორი ტიპის პროვოკაცია: პირველი ეს გახლდათ ასეთი დავალება, რომ უნდა მოვხსნილიყავი არჩევნებიდან და უნდა გადავეღეთ თითქოს თანხის გადაცემის მომენტში, რასაც კანონი კრძალავს;

ასევე ხორციელდება დევნა, თვალთვალი შესაძლოა ჩემი შეშინების მიზნით რომ შემეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა. არ არის გამორიცხული „შემთხვევითი“ ავტოავარიაც "ძალიან ცუდ გზებზე", რომელიც ვერ ააშენა ნაციონალურმა მოძრაობამ. ფარული ჩანაწერები ჩვენ გვაქვს და უახლოეს მომავალში იხილავს მას ქართული საზოგადოება.“

ტყიბულში ელისო ჩაფიძეს მმართველი პარტიის წევრი პავლე კუბლაშვილი უპირისპირდება, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ამჟამინდელმა თავჯდომარემ ბოლო რვა წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო მაჟორიტარული არჩევნები ამ ქალაქში.

კუბლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი „მძიმეწონიანი“ ფიგურაა. მისი ძმა, კონსტანტინე კუბლაშვილი მეშვიდე წელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეა.

ტყიბულის რაიონში, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს ძირითადი დარგი ქვანახშირის მრეწველობა და ხე-ტყის განსაკუთრებით კი წაბლის ხის ბიზნესია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დამფინანსებელს, მულტიმილიონერ თემურ უგულავას ეკუთვნის.

ჟურნალისტურმა კვლევამ აჩვენა, რომ წაბლის ჭრა ტყიბულის ტყეებში კანონის უხეში დარღვევებით მიმდინარეობს, თუმცა არც გარემოს დაცვის სამინისტრო და არც პოლიცია ამ ფაქტზე რეაგირებას არ ახდებს. ელისო ჩაფიძე ამბობს

„თემურ უგულავას ძალიან ცუდი გავლენა აქვს ტყიბულზე. იჩეხება და იძარცვება უნიკალური წაბლის ტყე. უგულავას კომპანია „ვუდინპექს“ მთავრობის ნებართვა აქვს მიღებული რომ გაჩეხოს წითელ წიგნში შეტანილი წაბლი, ვითომ სანიტარული ჭრის მოტივით.

ამ საქმეში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მათ თანამზრახველები არიან ძმები კუბლაშვილები, რომლებსაც უნდათ რომ ტყიბული იაფი ნედლეულის ქალაქად აქციონ.

საფრთხე სწორედ იქედან გამომდინარე მემუქრება რომ, საფრთხე დაემუქრა მათ მიერ ნაშოვნ მილიონებს, ძმები ბეჟუაშვილების ხელში ჩაგდებულ ქვანახშირის ქარხნებს, უგულავასა-კუბლაშვილის მიერ ხელში ჩაგდებულ ტყის რესურსებს. აი ამას ემუქრება საფრთხე და ამ გავლენის შენარჩუნება უნდათ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ) დეპარტამენტის გამოყენება შიდაპოლიტიკურ პროცესებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ყველა აქამდე გახმაურებული ფაქტი აჩვენებს, რომ ეს სამსახური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაკვეთას აღასრულებს.

2011 წლის დეკემბერში, კუდ-ის პროვოკაციის მსხვერპლი „ქართული ოცნების“ ლაგოდეხელი აქტივისტი ზვიად ხვედელიძე გახდა. მისი გადაბირების ოპერაციას კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვლი ახდენდა, თუმცა იანვარში ხვედელიძე საქართველოდან გაიქცა.

კუდ-ი ინტიმური ხასიათის ვიდეომასალის შანტაჟით ასევე ცდილობდა „ქართული ოცნების“ კიდევ ორი აქტივისტის - გიორგი ფარესიშვილისა და ვახტანგ ყუშიტაშვილის გადაბირებას. ამ უკანასკნელს, რომელიც ოპოზიციური კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მიდიოდა მოსასმენი აპარატურა ფეხსაცმელში ჩაუმონტაჟეს.

საბოლოოდ ორივე ოპერაცია ჩავარდა და ყუშიტაშვილმა და ფარესიშვილმა საქართველო დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.