ამერიკა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრს - რუთ გინსბურგს ემშვიდობება. 87 წლის მოსამართლე სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. „ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ისტორიული მნიშვნელობის მოსამართლე“, - განაცხადა ჯონ რობერთსმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
რუთ გინსბურგი 1970-იან წლებში ქალთა უფლებებისთვის და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისთვის სამართლებრივი ბრძოლის წინა ხაზზე იყო. ის ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეებისა და ფემინისტების მისაბაძი მაგალითია. უზენაეს სასამართლოში გინსბურგი ბილ კლინტონმა, 1993 წელს წარადგინა და ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში ის 27 წლის განმავლობაში მსახურობდა. ამ დრომდე რუთ გინსბურგი სასამართლოს ყველაზე ცნობილი წევრი და მისი ლიბერალური, პროგრესული ფრთის ლიდერი იყო. მისი ხმა მნიშვნელოვანი იყო ისეთ საკითხებზე კენჭისყრისას, როგორებიც იყო აბორტის უფლება, ერთსქესიან მოქალაქეთა ქორწინება, ხმის მიცემის უფლებები, იმიგრაცია, ჯანდაცვა და სხვა.
გინსბურგის გარდაცვალება სამართლებრივ, კულტურულ, თუ ფემინისტურ სიმბოლოსთან დამშვიდობებასთან ერთად ქვეყნისთვის, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 კვირაზე ნაკლები დრო რჩება, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ნიშნავს: მისი სავარაუდოდ კონსერვატორი კანდიდატით ჩანაცვლების პერსპექტივით, სასამართლოში ძალთა ბალანსი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ძალთა ბალანსი და პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულებისა და ხშირად ასწლეულების განმავლობაშიც კი აქვს გავლენა. სწორედ უზენაესმა სასამართლომ მისცა ამერიკელებს 2015 წელს უფლება დაქორწინდნენ მასზე, ვისზეც სურთ, მიუხედავად სქესისა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ კი ამავე სასამართლომ მისცა ქალებს აბორტის უფლება ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
ბევრი ისტორიკოსის აზრით, უზენაესის მოსამართლის შერჩევა ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხშირად ყველა სხვა გადაწყვეტილებაზე სერიოზული და ხანგრძლივი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკელთა ცხოვრებაზე. დონალდ ტრამპის მიერ ოვალური კაბინეტის დაკავებიდან პირველ ორ წელიწადში სენატმა მისი ორი კანდიდატი უკვე დაამტკიცა ქვეყნის უმაღლეს სამართლებრივ ინსტანციაში გაჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე.
უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, ისინი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან. უზენაესის მოსამართლეობის პირველ კანდიდატად დონალდ ტრამპმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე ნილ გორსაჩი წარადგინა. მან კონსერვატორი ენტონინ სკალია ჩაანაცვლა. უზენაეს სასამართლოში ამის შემდეგ, ბევრი შეფასებით, 4 ლიბერალური და ოთხი კონსერვატული შეხედულების მოსამართლე დარჩა. ამიტომ კანდიდატის იდეოლოგიურ მიკუთვნებულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტრამპის მეორე არჩევანი 2018 წელს ამავე სასამართლოს წევრი ბრეტ კავანა გახდა. მან მოსამართლე ენტონი კენედი ჩაანაცვლა, რომელიც ასევე რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის კანდიდატი იყო, თუმცა მიუხედავად კონსერვატიული შეხედულებებისა, სხვადასხვა სოციალურ საკითხზე, ლიბერალური მიდგომითაც გამოირჩეოდა.
დემოკრატების აზრით, ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ბევრი მონაპოვარი ახლა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან ისედაც უკვე „მარჯვნივ გადახრილი“ სასამართლო შესაძლოა კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს. მართალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლომ ზოგიერთი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ მიიღო, მაგრამ როგორც ამბობენ, სასამართლოს "იდეოლოგიური ცენტრი უკვე კონსერვატიზმისკენაა გადახრილი.
ვინ შეიძლება წარადგინოს პრეზიდენტმა ტრამპმა?
პრეზიდენტი ტრამპი უკვე საუბრობს იმაზე, რომ ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს, გინსბურგის შემცვლელ ქალ კანდიდატს დაასახელებს. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი კანდიდატი სავარაუდოდ, ქალი იქნება.
ასევე ნახეთ: უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა - გადამწყვეტი ბრძოლა?
დონალდ ტრამპმა ბოლო წლების განმავლობაში ფედერალური სააპელაციო სასამართლოს წევრობის კანდიდატებად სამი ქალი კანდიდატი დაამტკიცა - ემი კონი ბარეტი, ბარბარა ლაგოა და ელისონ ჯონს რაშინგი. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი შეიძლება, რომელიმე ეს კონსერვატორი მოსამართლე გახდეს. ამ კანდიდატთაგან თითოეულს რესპუბლიკელების მართული სენატი მხარს დაუყოვნებლივ დაუჭერს. დემოკრატები კი სავარაუდოდ, კანდიდატის წინააღმდეგ მისცემენ ხმას.
ახლა კონსერვატორებს უზენაეს სასამართლოში ხმების სულ მცირე უპირატესობა აქვთ 5/4-ზე. ეს უპირატესობა კი უფრო საგულისხმო - 6 ხმა 3-ის წინააღმდეგ - შეიძლება გახდეს. ამ შემადგენლობის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ათწლეულების განმავლობაში იმოქმედებს ისეთი საკითხების სამართლებრივ რეგულაციებსა და განმარტებებზე, როგორებიცაა აბორტი, იმიგრაცია, ჯანდაცვა, რელიგიური თავისუფლება, იარაღის კონტროლი და სხვა.
ემი კონი ბარეტი - 2017 წელს ტრამპის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენამდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული კათოლიკური უნივერსიტეტის, ნოტერ-დამის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იყო. მაშინ დემოკრატები მისი კანდიდატურის წინააღმდეგ რელიგიასთან დაკავშირებით მის ღია პოზიციას ასახელებდნენ. კეთდებოდა შეფასებები იმის შესახებ, რომ ბარეტის ძლიერი რელიგიურობა და მისი კათოლიკური შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, იქნება ეს აბორტი თუ სხვა, შესაძლოა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩენილიყო ამა თუ იმ სამართლებრივ და იურიდიულ საკითხზე მსჯელობისას. რესპუბლიკელთა ნაწილისთვის კი სწორედ ბარეტის კანდიდატურაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი იმისთვის, რომ 1973 წლის ისტორიული გადაწყვეტილება ამერიკაში ქალებისთვის აბორტის უფლების თაობაზე, შეიცვალოს.
თუმცა თავად ბარეტს ამ თემაზე წინააღმდეგობრივი განცხდებები აქვს გაკეთებული. ერთი მხრივ, დამტკიცებისთვის საჭირო მოსმენაზე სენატში, ის ამბობდა, რომ უზენაესი სასამართლოს პრეცედენტებს მიჰყვებოდა და კანონს მათ მიხედვით განმარტავდა, და არა საკუთარი რელიგიური შეხედულების შესაბამისად. მეორე მხრივ კი, იურისტი წერდა, რომ მოსამართლეები არ უნდა შეუშინდნენ ამავე პრეცედენტების შეცვლას თუნდაც ისეთ საკითხებზე, როგორიც აბორტია. მაშინ ის 55 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ბარბარა ლაგოა - პირველი კუბელი ამერიკელი ქალი იყო, რომელიც ფლორიდის შტატის უზენაეს სასამართლოში მსახურობდა. 2019 წელს კი ისიც ფედერალურ მოსამართლედ დაინიშნა. მისი მშობლები ამერიკაში ფიდელ კასტროს რეჟიმს გამოექცნენ. ტრამპი მას ძლიერ პატივსაცემ პიროვნებად ახასიათებდა. 2000 წელს ლაგოა, როგორც კერძო ადვოკატი, კუბელი ბიჭის, ელიან კონსალესის ცნობილ საქმეში იყო ჩართული. ბიჭმა ამერიკის სანაპიროებამდე მოცურა, დედამისი კი ოკეანეში დაიხრჩო. კუბაში მყოფ მამამისსა და მაიამიში მყოფ ნათესავებს შორის მიმდინარე დავაში ლაგოა ნათესავების იურიდიული გუნდის წევრი იყო. ბავშვი მაშინ კუბაში დააბრუნეს.
ლაგოა ამბობს, რომ მოსამართლის მოვალეობა არ არის კანონი შეცვალოს. მისი თქმით, მოსამართლემ მხოლოდ უნდა გამოყენოს ის (კანონი), რაც ხალხის წარმომადგენლებმა შექმნეს და ის კანონს ისე განმარტავს, "როგორც ის დაიწერა". ბარბარა ლაგოას სააპელაციო სასამართლოს წევრად დანიშვნას ორივე პარტიის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი - კენჭისყრით 80 ხმა - 15 ხმის წინააღმდეგ.
ელისონ ჯონს რაშინგი - ის სააპელაციო სასამართლოს წევრი გასულ წელს სენატში 53 ხმით 44 ხმის წინააღმდეგ გახდა. მის ნომინაციას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ დემოკრატები, სამოქალაქო უფლებებისა და ლგბტქ თემის უფლებადამცველები. მის წინააღმდეგ არსებულ არგუმენტებს შორის იყო არიზონაში მდებარე, ქრისტიანთა კონსერვატიულ იურიდიულ ჯგუფში მისი საქმიანობა. სწორედ ეს ჯგუფი იცავდა კოლორადოელ მცხობელს, რომელიც უზენაეს სასამართლოში ამტკიცებდა, რომ უფლება ჰქონდა გეი წყვილის ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი ეთქვა; კიდევ ერთი შემთხვევა კი, რომელსაც მის წინააღმდეგ ასახელებდნენ იმ კომპანიების დაცვას გულისხმობდა, რომლებიც საკუთარი მფლობელების რელიგიური შეფასებების გამო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში კონტრაცეფციას არ აფინანსებდა. რაშინგმა ღიად განაცხადა, რომ 2015 წელს იმ 4 კონსერვატორ მოსამართლეს უჭერდა მხარს, რომლებმაც უზენაეს სასამართლოში ერთსქესიან წყვილთა ქორწინების წინააღმდეგ მისცეს ხმა. "თავისუფლების დაცვის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კი მას შესანიშნავ პროფესიონალად მიიჩნევს.
პოლიტიკა და არჩევნები
დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ სენატორებს უკვე მოუწოდა, რომ ნოემბრის არჩევნებამდე პრეზიდენტის ნომინანტებს კენჭი არ უყარონ. "ამ ქვეყნის ამომრჩევლების ხმა გაგონილი უნდა იყოს. ეს კონსტიტუცია სწორედ მათ გულისხმობს და მათ უნდა გადაწყვიტონ ვის მისცენ ამ კანდიდატის დანიშვნის ძალაუფლება", - განაცხადა ბაიდენმა კვირას, ფილადელფიაში.
რესპუბლიკელები პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ. დემოკრატები კი მიიჩნევენ, რომ სენატმა უნდა მოიცადოს, სანამ თვენახევრის შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჯერჯერობით უცნობია სულ 3 ხმის უპირატესობის მქონე რესპუბლიკელი სენატორები განიხილავენ თუ არა პრეზიდენტის კანდიდატის დამტკიცების საკითხს 3 ნოემბრამდე. რამდენიმე რესპუბლიკელმა უკვე გამოთქვა აზრი, რომ ისინი ამ კენჭისყრის არჩევნების დღის შემდეგ ჩატარებას ემხრობიან. პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, ამ შემოდგომაზე სენატში უმრავლესობის ბედიც წყდება.
2016 წელს, რესპუბლიკელებმა უარი თქვეს მაშინ გაჩენილი ვაკანტური პოზიციის ბარაკ ობამას კანდიდატით შევსებაზე. მერიკ გარლანდის კანდიდატურას მათ კენჭი სწორედ იმ მიზეზით არ უყარეს, რომ არჩევნები იყო მოახლოებული. მაშინდელი კანდიდატი დონალდ ტრამპიც ამბობდა, რომ უზენაესი სასამრთლოს წევრობის კანდიდატის საკითხი ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა განხილულიყო.