მოსკოვის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ნაპრალი დრამატულად - შესაძლოა შეუქცევადად - გაღრმავდა. მაგრამ ერთი საკითხი მათ ჯერ კიდევ აკავშირებს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, ეს ენერგომატარებლებია.
რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირის მთავარი გაზის მიმწოდებელი იყო. 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ევროკავშირში იმპოერტირებული ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა.
ჩრდილოეთის ნაკადი 2
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენი, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი გაზის, ბალტიის ზღვის გავლით გადასატუმბადაა აშენებული. პროექტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ ის ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას უფრო გაზრდის და იმავდროულად, უკრაინას მის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენებით ტრანზიტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფასურს წაართმევს.
ასევე ნახეთ: გერმანია უკრაინის მოვლენების ფონზე, გაზსადენს "ჩრდილოეთის ნაკადი 2" აჩერებსთუმცა, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის უკანასკნელმა ნაბიჯის გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ ბერლინი მილსადენის სერტიფიცირებას დროებით აჩერებს, რაც პრაქტიკულად პროექტის განუსაზღვრელი დროით დაყოვნებას ნიშნავს. შეეთებულმა შტატებმაც გამოაცხადა, რომ “Nord Stream AG”-ს და ამ კორპორაციის ხელმძღვანელობას სანქციებს უწესებს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა რუსულ ბუნებრივ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულება აღიარა, მაგრამ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
თუ რუსეთი არა, მაშინ ვინ?
ევროკავშირს რუსეთის გარდა ბუნებრივი გაზის შეძენა სად შეუძლია?
ევროკავშირი წლების განმავლოაში ცდილობდა რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეეკვეცა, მაგრამ ჯერ ისევ მოსკოვს ეყრდნობა და სრულად ჩახსნა ადვილი არ იქნება.
გერმანიას შეუძლია მილსადენებით იმპორტი ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, ბრიტანეთიდან და დანიიდან, მაგრამ ნორვეგია გაზის მიწოდებას უკვე სრული დატვირთვით ახდენს და აცხადებს, რომ რუსეთიდან გამოკლებული მილსადენების ჩანაცვლება არ შეუძლია.
ყატარი გათხევადებული ბუნებრივი გაზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია, მაგრამ მანაც განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების საწარმოო სიმძლავრეები არ გააჩნია და მოცულობის უმეტესობა, ხანგრძლივი კონტრაქტებით აქვს დატვირთული.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში, აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროკავშირს ბუნებრივი გაზის სხვა წყაროების მოძებნაში დახმარება აღუთქვა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა აქცენტი ენერგიის განახლებად წყაროებში ინვესტირებაზე გააკეთა.
მსოფლიოს ენერგიის და კლიმატის სტატისტის ყოველწლიური გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ბუნებრივი გაზის მოპოვების მხრივ პირველი ათეული 2020 წლისთვის ასე გამოიყურებოდა:
- აშშ - 960 მილიარდი კუბური მეტრი
- რუსეთი - 705
- ირანი - 234
- ჩინეთი - 195
- კანადა - 172
- ყატარი - 167
- ავსტრალია - 154
- ნორვეგია - 116
- საუდის არაბეთი - 97
- ალჟირი - 84