ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინის მოვლენების ფონზე, გაზსადენს "ჩრდილოეთის ნაკადი 2" აჩერებს


გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ობიექტი ქ. ლუბმინში, გერმანია
გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ობიექტი ქ. ლუბმინში, გერმანია

გერმანია აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისის გაღრმავების გამო, ბერლინი ბლოკავს გაზსადენს "ჩრდილოეთის ნაკადი 2". განცხადება გერმანიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ორშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონი - დონეცკი და ლუჰანსკი - ფორმალურად აღიარა და იქ ჯარების შეყვანა გადაწყვიტა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია. 22 თებერვალს შოლცმა ჟურნალისტებს გაზსადენთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: "ტექნიკურად ჟღერს, თუმცა ეს საჭირო ადმინისტრაციული საფეხურია, რათა მილსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. სერტიფიცირების გარეშე კი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ოპერირებას ვერ დააიწყებს".

ახალ გაზსადენს რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება, უკრაინის გვერდის ავლით უნდა უზრუნველეყო, ამასთან მიწოდების რაოდენობა უნდა გაეორმაგებინა. $11-მილიარდიანი პროექტი, რომელსაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა, სექტემბერში დასრულდა. თუმცა, გერმანიის და ევროკავშირის მიერ საბოლოო სერტიფიცირების მოლოდინში, აქამდე შეჩერებული იყო.

გაზსადენის გაყვანის მიზნად გერმანია ევროპელი მომხმარებლებისთვის ენერგორესურსებზე რეკორდული ფასების გამო არსებული წნეხის შემსუბუქებას ასახელებდა. მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მფლობელია რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი", ოპერირებას კი უზრუნველყოფს ასევე რუსული, "გაზპრომის" შვილობილი კომპანია "ჩრდილოეთის ნაკადი 2 AG".

მილსადენის ბალტიის ზღვის ქვეშ გაყვანაში და საექსპლუატაციოდ გამზადებაში, მილიარდობით დოლარი ჩაიდო. ის 50 პროცენტით "გაზპრომის" მიერაა დაფინანსებული. დანარჩენი ნაწილი კი ევროპის 5 წამყვანი ენერგოკომპანიის ანგარიშზე მოდის. გერმანია, რომელიც ბუნებრივი აირის ნახევარს რუსეთიდან იღებს, აცხადებდა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" უპირველეს ყოვლისა, კომერციული პროექტია, რომელიც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

პოტენციური შეღავათების მიუხედავად, გაზსადენის გაყვანას წინააღმდეგობას უწევდნენ როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონი თვლიდა, რომ პროექტი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდიდა. ამას გარდა, უკრაინიდან ტრანზიტზე უარის თქმა, მოსკოვის შემდგომი აგრესიისადმი კიევს კიდევ უფრო დაუცველს ხდიდა.

ევროპა გაზის დამატებით წყაროებს ეძებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG