რომის ყოფილ პაპს ათასობით ადამიანი მიაგებს პატივს

რიგი რომის ყოფილი პაპის პანაშვიდზე. ვატიკანი, 2 იანვარი, 2023 წ.

ვატიკანში რომის ყოფილი პაპის პანაშვიდებზე მისული ათასობით ადამიანი გრძელ რიგში საათობით დგას და მასთან გამომშვიდობებას ცდილობს. რომის ემერიტუსი პაპი, ბენედიქტ მე-16 შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ: ბენედიქტ მეთექვსმეტის მემკვიდრეობა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბოლო დღეებში მას ვატიკანის ერთ-ერთ რეზიდენციაში მკურნალობდნენ. "ღმერთო, მიყვარხარ" - იყო რომის ყოფილი პაპის ბოლო სიტყვები, ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ ცნობაში. მისმა ყოფილმა პირადმა მდივანმა, არქიეპისკოპოსმა გიორგ გენცვაინმა თქვა, რომ მასთან ბოლო წუთებში მხოლოდ ექთანი იმყოფებოდა.

პაპი ბენედიქტე კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც რომის პირველი პაპი, რომელმაც 2013 წელს, ვატიკანის ისტორიის ბოლო 600 წლის განმავლობაში, პოსტი ნებაყოფლობით დატოვა. ის ასევე იყო რომის პირველი გერმანელი პაპი ბოლო 1000 წლის ისტორიაში.

ბენედიქტ მე-16 რომის პაპი 2005 წელს გახდა და კათოლიკურ ეკლესიას 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა. სიცოცხლის ბოლო წლები მან ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.

ფოტოგალერეა

ბენედიქტ მე-16-ს პანაშვიდზე მისულები საათობით რიგში დგანან