კორტნი: "უსამართლობა სააკაშვილს მოულოდნელ სინდისის პატიმრად აქცევს"

უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში "ტვიტერზე" წერს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები უსამართლოა და პარალელს ბელარუსთან ავლებს.

„ლუკაშენკოს ბელარუსისგან შეიძლება ველოდოთ ასეთ უსამართლობას, მაგრამ არა საქართველოსგან, რომელიც მისმა ბევრმა მეგობარმა ნახა. უსამართლობა, სააკაშვილს მოულოდნელ „სინდისის პატიმრად“ აქცევს,“- წერს ამერიკელი დიპლომატი.

ასევე ნახეთ: “აშკარაა პოლიტიკური შურისძიება, “- საერთაშორისო ამნისტია სააკაშვილზე

უილიამ კორტნი საქართველოში ამერიკის ელჩად 1995-97 წლებში მუშაობდა, მანამდე ის ამერიკის ელჩის მისიით ყაზახეთში იყო მივლენილი.

სინდისის პატიმრის წოდებას ამა თუ იმ პირს საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ანიჭებს. ბოლოს, ორგანიზაციამ ეს სტატუსი პუტინის მთავარ მეტოქეს ალექსეი ნავალნის მიანიჭა. სინდისის პატიმრის სტატუსის მისაღებად რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი არსებობს, პირი არ უნდა მონაწილეობდეს ძალადობაში და არ უნდა ჰქონდეს ძალადობის შესახებ მოწოდება გაკეთებული.

Your browser doesn’t support HTML5

ვინ არის პოლიტიკური პატიმარი?

ამ დროისთვის „საერთაშორისო ამნისტიას“ მიხეილ სააკაშვილი სინდისის პატიმრად არ გამოუცხადებია, თუმცა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „აშკარა შურისძიებას“ აქვს ადგილი.