ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი სისტემის პირისპირ


ოპოზიციის აქცია 8 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია 8 ნოემბერს

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვის მიმართაც არსებული ხელისუფლება მტრულ განწყობას ღიად აფიქსირებს, ახლა გლდანის მე-18 პენიტენციურ განყოფილებაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მიიჩნევენ, რომ ამ ადგილას საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი სპეციალური, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომლის მოვალეობაში შედის მოქალაქეების ძალმომრეობისა და ზეწოლისგან დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც მათ უფლებას სახელმწიფო, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი არღვევს. სწორედ ამის გამოა ხმაურიანი და საგანგაშო სახალხო დამცველის განცხადება სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო.

ადვოკატების, მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მოსაზრებების თანახმად, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლება შურისძიებას, ჩვეულებრივ ვენდეტას ახორციელებს. ეს გამოიხატება იმ დამოკიდებულებაში, ქცევაში, რა გადაწვეტილებებიც სახელმწიფო დონეზეა მიღებული. მათ შორის გახლავთ მესამე პრეზიდენტის მოტყუებით გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში.

გინებისა და შეურაცხმყოფელი ტექსტების კორიანტელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ - ეს ის გარემოა, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. მისი ავტორები იმ დანაშაულებრივი „ინსტიტუციის“ წარმომადგენლები არიან, ვის მიმართაც სააკაშვილი შეუვალი სიმკაცრით იყო ცნობილი იმ პერიოდში, როდესაც ის სახელმწიფო თანამდებობაზე იმყოფებოდა საქართველოში. ეგრეთ წოდებული „ქურდების“ ავტორიტეტის რღვევა მისი დამსახურებაა. ახლა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეცა სააკაშვილთან ანგარიშწორებისთვის ლუფტი, რასაც ისინი მთელი მონდომებით იყენებენ.

„გინება ისმის იმ ოთახში, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. მიხეილ სააკაშვილს წართმეული აქვს დაცვის განხორციელების უფლება. ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. ის მარტივად არ გადაადგილდება, რადგან შიმშილობს. ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. უნდა ჩამოვიდეს ხუთ სართულს და მოვიდეს ოთახში, სადაც არის მინის ბარიერი. მე ველაპარაკები ტელეფონით. ჩემთან ერთად არის სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი და მეორე ადვოკატი... ამ პირობებში ძალიან რთულია მასთან კომუნიკაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება შეზღუდული აქვს“,- აცხადებს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

9 ოქტომბერს, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს მისმა ადვოკატებმა ნიკა გვარამიამ, დიმიტრი საძაგლიშვილმა. მათთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე. გვიან საღამოს, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგომ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავადაც მოისმინა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები შენობაში ყოფნისას. ამ განცხადებით მან დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მართლაც უწევს პატიმრობის გატარება იმ გარემოში, სადაც მის მიმართ ზეწოლა ხორციელდება.

„მე ვადასტურებ, რომ მესმოდა გარკვეული შეძახილები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისამართით. მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა მზაობა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მან თანხმობა განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტიდან, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნას მასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია. მან ასევე თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, ექსპერტთან, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპეტიზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა“,- ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე.

გია ბარამიძე ოპოზიციის გეგმების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:27 0:00

მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა 9 ნოემბერს ადვოკატების თანდასწრებით, სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლის მიერ ვერ მოხერხდა, რადგან პენიტენციურ უწყებაში არსებული რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

„ახალი კორონავირუსის გამო, დამატებითი ბარიერებია დაწესებული. ამ პირობებში, მან და მისმა ადვოკატებმა უარი განაცხადეს გამოკითხვის წარმართვაზე. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ალტერნატიული გზების მოსაძიებლად, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ“,- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელმა.

სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელში, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ 8 ნოემბერს, გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია იმ წერილის თაობაზე, რაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. წერილის შინაარსის თანახმად, ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავიდან გლდანში. ხოლო მას შემდგომ, რაც ის მიხვდა ამ განზრახვის შესახებ და სცადა წინააღმდეგობის გაწევა, გაუსწორდნენ ფიზიკურად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სწორედ ამ კადრების გამოთხოვა სურს პენიტენციური დაწესებულებიდან. „ჩვენ მივმართეთ მათ იმის თაობაზე, რომ კადრები დააარქივონ, რათა შემდგომ შევძლოთ მისი გამოთხოვა,“- ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი.

ნიკა გვარამია, სააკაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ თუკი არის შესაძლებელი იმ კადრების გასაჯაროება, სადაც სააკაშვილი „ფაფას ჭამს“, იმ კადრების წარმოდგენაც არ უნდა იყოს პრობლემა, სადაც „სააკაშვილმა ყველა სცემა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილს აგრძელებს. როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ის, ამ ეტაპზე იღებს მხოლოდ გლუკოზას და უარს აცხადებს კალციუმისა და ცილების მიღებაზე, რამაც, შესაძლოა, მომენტალურად დაამძიმოს მისი მდგომარეობა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 9 ნოემბერს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც გააკეთა. „მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ, რაც ასევე რეგულირების სააგენტომაც შეამოწმა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა. რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე სითხეებით, გადასხმებით უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი,“- ასეთი გახლავთ თამარ გაბუნიას შეფასება გლდანის დაწესებულების შესაძლებლობებზე.

კობა ხაბაზი ოპოზიციის გეგმის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:57 0:00

„არამგონია, არსებობდეს სხვა ადგილი, სადაც იქნება უფრო მეტი საფრთხე სააკაშვილისთვის, ვიდრე აქ. გენინსპექციის წარმომადგენელი დღეს იპარავდა მასზე თავდასხმის მტკიცებულებებს სააკაშვილისგან. ის შეჰყავდა შეცდომაში, რომ თვითონ იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან. მიშამ მოუწერა ხელი, გადააბარა ტანსაცმელი და ამ დროს "ტვ პირველის" ეთერში დაინახა, როგორ ვდგავართ ადვოკატები ციხის გარეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად. ამის შემდეგ, ჰკითხა, აბა თქვენ ვინ ხართო და წაართვა ეს ტანსაცმელი, რომლის წაღებასაც ვაპირებთ ექსპერტიზაზე,“- ამბობს ნიკა გვარამია.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც პოლიტიკური განზომილება შეიძინა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას უკავშირდება. პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული, თუმცა მანამდე, იუსიტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ის რეკომენდაციას არ გასცემს სხდომის ცოცხლად ჩატარების შესახებ. მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს კი სურთ პროცესი შედგეს და მესამე პრეზიდენტიც გამოცხადდეს სხდომაზე. სხდომა 1 საათზეა ჩანიშნული.

9 ოქტომბერს ოპოზიციამ მხარდამჭერები პარლამენტის წინ შეკრიბა. ნიკა მელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიტინგის მიწურულს მომდევნო დღის სამოქმედო გეგმის თაობაზე განაცხადა. მის თანახმად, ხვალ, სამ ადგილას იგეგმება პროტესტის გამოსახატად მოქალაქეების შეკრება. ესაა: იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ეგრეთ წოდებული მოდულის შენობა. სამივე ლოკაციაზე აქცია დილის 11 საათზეა დაანონსებული. „ჩვენ უნდა შევუქმნათ სამართლიანი დისკომფორტი ხელისუფლებას“,- ამბობს ნიკა მელია.

მას არ დაუსახელებია მეოთხე ლოკაცია, სადაც სამოქალაქო პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად შეიძლება ეს იყოს სასამართლო, სადაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის ნახვას შეძლებენ.

სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ეს იქნება შემთხვევა, სადაც მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტს პირველად იხილავენ ცოცხლად მას შემდეგ, რაც ის საქართველოში ფარულად შემოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG