პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებს ინფორმაცია, თითქმის ერთი საათის განმავლობაში, მისი პირადი ექიმისთვის, ადვოკატებისა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ციხიდან შესაძლოა ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მის უფლებადამცველებს ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გადაეყვანათ ექსპრეზიდენტი.
რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან, გლადნში არსებულ #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.“ - ნათქვამია უწყების მიერ, „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შექმნილმა კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. კონსილიუმის გადაწყვეტილების შესახებ მედიას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ აცნობა.
"ყველა მაჩვენებელი განვიხილეთ, საერთო გაუარესება იყო მდგომარეობის და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია გადაუდებელი გადაყვანა, მკურნალობა, დიაგნოსტიკა მაღალპროფილურ საავადმყოფოში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ციხიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ ვარაუდი ერთ-ერთმა პირველმა, ექსპრეზიდენტის დედამ მაშინ გამოთქვა, როცა ციხეში შვილის მოსანახულებლად შესვლას ცდილობდა.
„იმიტომ ვერ შევდივართ ციხეში, რომ სადღაც გაიყვანეს... ინფორმაცია არ მაქვს... აღარ არის აქ... შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა, რომ გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ დაწესებულებაში, ამასობაში უფლებების იგნორიებით თვალწინ აგვართვეს და გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს“ - აცხადებდა გიული ალასანია.
ბოლო რამდენიმე კვირაა, თავად სააკაშვილი, მისი ექიმი ყიფშიძე, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები და სახალხო დამცველი, სხვადასხვა რისკისა და საფრთხის გათვალისწინებით, ციხის ჰოსპიტალში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში მოათავსებდნენ.
Facebook Forum