რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე იერიშებს აგრძელებს. საჰაერო თავდასხმა მოხდა ქალაქ კოსტიანტინივკაზე, სადაც იერიშის დროს ერთ-ერთი ბომბი სასურსათო მაღაზიას დაეცა.
აფეთქების შედეგად მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის დაღუპულია სულ მცირე, 10 ადამიანი, 35-მა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
უკრაინამ რუსეთის იერიში უკვე შეაფასა როგორც ტერორიზმი.
„რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ სასურსათო მაღაზიას და ფოსტას. ნანგრევების ქვეშ ხალხია“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ექსზე“.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მაშველები. მათი მიზანია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნა და გადარჩენა.
სასურსათო მაღაზიასთან ერთად რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა უკრაინული ფოსტის „ნოვა პოშტას“ ოფისიც, რომელიც იქვე მდებარეობს. კომპანია განმარტავს, რომ იერიშებს ფოსტის ყველა თანამშრომელი გადაურჩა.
„ჩვენი ყველა თანამშრომელი ცოცხალია. ერთმა კოლეგამ მიიღო ტვინის შერყევა და იღებს ყველა საჭირო დახმარებას“, - წერს „ნოვა პოშტა“ სოციალურ ქსელ „ექსზე“.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ კოსტიანტინივკაზე რუსეთის საჰაერო იერიშების დროს დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი ავტომობილი.
Your browser doesn’t support HTML5
ქალაქი კოსტიანტინივკა ფრონტის ხაზთან ახლოს, 13 კილომეტრში მდებარეობს.