ჯო და ჯილ ბაიდენები ელისაბედ მეორეს იხსენებენ

ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მათ პატივი მიაგეს დედოფალ ელისაბედ მეორეს. ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩანაწერი გააკეთა და მედიას დედოფლის შესახებ უამბო. ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიოს გაუმართლა, რადგან 70 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ღირსეული დედოფალი.

ჯო და ჯილ ბაიდენებმა დედოფალ ელისაბედთან ბოლო შეხვედრა გაიხსენეს, მაშინ როცა ისინი დიდ ბრიტანეთში პირველად ჩავიდნენ, როგორც ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი. ჯილ ბაიდენი იხსენებს, რომ დედოფალს ამერიკის პოლიტიკა ძალიან აინტერესებდა და ჯო ბაიდენს ბევრ კითხვას უსვამდა იმაზე, თუ რა და რატომ ხდებოდა.

„მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ის იყო ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი“ - თქვა ჯილ ბაიდენმა „ასოშეითედ პრესთან" საუბრის დროს. „დედოფალს სურდა ყველაფერი სცოდნოდა ამერიკის პოლიტიკის შესახებ, ამიტომ ჯოს ბევრ კითხვას უსვამდა. მის მისაღებში ჯდომა თითქმის ისეთი იყო, როგორც ბებიასთან ყოფნა“, იგონებს ამერიკის პირველი ქალბატონი. ჯილ ბაიდენის თქმით, ვიზიტის დროს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ამერიკის პრეზიდენტს და პირველ ლედის ინგლისური ტრადიციის მიხედვით, ჩაი შესთავაზა.

„ნება მომეცით ჩაი დავასხათ, გვითხრა მან და ჩვენ ვუთხარით - არა. მე დახმარება შევთავაზე და მითხრა: „ოჰ არა, არა არა. მე გავაკეთებ ამას, დაჯექი,“ - ყვება ჯილ ბაიდენი და დასძენს, რომ მასთან შეხვედრა გამორჩეული იყო.

ლანკასტერის სასახლეში ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დედოფალთან ყველაფერი დააგემოვნა, რაც დედოფალმა მას შესთავაზა. „ვჭამდი ყველაფერს, რაც მან ჩემს წინ დადგა. ის იყო წესიერი, ღირსეული ადამიანი,“- თქვა ბაიდენმა და დიდ ბრიტანელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მივმართავ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. თქვენ გაგიმართლათ, რომ 70 წლის განმავლობაში ის გვერდით გყავდათ, ჩვენ ყველას გაგვიმართლა. ელისაბედ მეორის წყალობით, სამყარო დღეს უკეთესია,“- თქვა ჯო ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ მესამესაც მიმართა და თქვა, რომ დეფოფალი მუდმივად სამეფო ოჯახის გვერდში იდგება.

დედოფალი 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში უწყვეტად იკავებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, დროშები ყველა სახელმწიფო შენობაზე ნახევრად დაშვებულია. დროშები დაშვებული დარჩება მანამ, სანამ დიდი ბრიტანეთის დედოფალს არ დაკრძალავენ.